საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და სტუმრად ლიეტუვა დაამარცხა – 2:0.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიტანეთ , დუბლი მიქაუტაძემ შეასრულა. დადებითი შედეგის მიუხედავად, კითხვები მაინც დარჩა: რა გუნდია საქართველოს დღევანდელი ნაკრები და რა პერსპექტივა და შანსი აქვს ამ გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში ბევრად ძლიერ მეტოქეებთან.
მწვრთნელი და ფეხბურთელები ამბობენ, რომ ამ თამაშებით სექტემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადებიან, რომ ახლა რაღაც სიახლეებს ტესტავენ. იმედია იცის მწვრთნელმა რასაც აკეთებს. წიწილებს კი შემოდგომაზე დავითვლით და იმედია იმ რაოდენობის აღმოჩნდება (ქულები), რამდენიც საჭირო იქნება.
პირდაპირ ვთქვათ არ იყო კარგი პირველი ტაიმი. უტემპო და შესაბამისად უსახური. კვარაცხელიას ჯარიმა და ძელი იყო გამონათება. ერთი ხიფათი აქეთაც შექმნეს მასპინძლებმა. მოკლედ, ლიეტუვას მაქსიმალურდ შეზღუდული ჰქონდა სივრცეები და ჩვენებს რაიმეს შექმნა უჭირდათ.
ვითარება გოლის შემდეგ შეიცვალა. საკმაოზე მეტად ჩრდილში მყოფმა მიქაუტაძემ პენალტი აიკიდა და თავად მშვენივრადაც შეასრულა. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. გაჩნდა მეტი სივრცე და კონტრშეტევის შესაძლებლობა. მეორე გოლიც ამის შედეგია: მარჯვნიდან გაგნიძემ შეირბინა და კარის წინ ზუსტად მიაწოდა კარგად გახსნილ მიქაუტაძეს.
გოლის გატანა ამის შემდეგაც შეგვეძლო. შანსი ჰქონდა ყველაზე აქტიურ ახალ კაპიტან კვარაცხელიას.
სანიოლმა, როგორც წინა დღეს პრესკონფერენციაზე დაანონსა, შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა. როგორც იქნა, ათამაშა აზაროვი, რომელიც თუ ბოლო ორ შეხვედრას ავიღებთ წიტაიშვილს ჯობდა. ძირითადი აღირსა ზურიკოსაც. დაცვაში გამოჩნდა ლაშა დვალი და ნახევარდაცვაში ჩაკვეტაძე. აი დებიუტანტი გადრანი, ბერიაშვილი და მამაგეიშვილი კი კვლავ სასტარტოში დააყენა.

რომელს რა დავალება მისცა და როგორ შეასრულეს, ამას ალბათ თავად იტყვის, ან სულაც თავისთვის დაიტოვებს და პირადად მისცემს შენიშვნებს და დავალებებს ბიჭებს.
ფაქტია, მოვიგეთ, ფაქტია რაღაცეები მოსაწონი არ არის, ფაქტია კითხვები და ცოტა შეშფოთება არის ოფიციალურ მატჩებისთვის და ფაქტია ისიც, რომ იმედიანი განწყობა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც არსებობს.
ლიეტუვა – საქართველო 0:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (70, პენ), 0:2 მიქაუტაძე (84)
გაძევება: გინეიტისი (90+3, ლიეტუვა)
საქართველო: მამარდაშვილი, დვალი (ლოჩოშვილი 75), ბერიაშვილი (გელაშვილი 64), გადრანი (გოჩოლეიშვილი 85), აზაროვი (წიტაიშვილი 75), მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 85), დავითაშვილი (გაგნიძე 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 85)

საქართველოს ნაკრებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.
