საქართველოდან საქართველომდე: რუმინეთს თბილისში ჰაჯი ჩამოიყვანს

საქართველოს ნაკრებს 2 ივნისს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი აქვს რუმინეთთან. ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს მხცოვანი და დამსახურებული მწვრთნელი ჰყავს მირჩა ლუჩესკუს სახით. თუმცა პატივცემული ვარჯიშზე ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დიდი ალბათობით 80 წლლის სპეციალისტი აწი აქტიურ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება.

რუმინული პრესა კი ირწმუნება, რომ ნაკრების ახალი თავკაცი იქაური ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა გეორგე ჰაჯი გახდება.

ფეხბუთის გულშემატკივრებისთვის ეს სახელი უცხო ვერაფრით იქნება. სულ რომ არაფერი, „ბარსელონასა“ და „რეალში“ უთამაშია და შესაძლოა რუმინული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყოს. მეტსახელიც საამაყო აქვს – „კარპატელი მარადონა“.

როგორც ამბობენ, 61 წლის სპეციალისტის ნაკრებში მისვლის ამბავი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გავრცელდება.

საინტერესოა ერთი ფაქტი: ჰაჯი რუმინეთის მწვრთნელი ადრე უკვე იყო, 2001 წელს. მან გუნდს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ორ მატჩში უხელმძღვანელა, თანამდებობიდან კი საქართველოს ნაკრებთან საშინაო ფრის 1:1-ის შემდეგ წავიდა – 2001 წლის 6 ოქტომბერი იყო.

და აგერ ლამის მეოთხედი საუკუნის შემდეგ ისევ საქართველოსთან მატჩით ბრუნდება…

მსგავსი ამბები