დავითაშვილი სენტ ეტიენს შესაძლოა პლეი-ოფში დაეხმაროს

„სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „ტრუასთან“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს. თუმცა, შესაძლოა, გუნდს პლეიოფში დაუბრუნდეს, – ინფორმაციას გამოცემა Foot01 ავრცელებს.

„დავითაშვილის ტრავმა „სენტ-ეტიენისთვის“ სერიოზული დარტყმაა. ლიგა 2-ში „ტრუასთან“ მატჩის დროს მიღებული ტერფის დაზიანების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი თამაშის დასაწყისშივე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

დავითაშვილი ვერ შეძლებს მომავალ შაბათს (2 მაისს) „როდეზთან“ – გასვლით მატჩში და ერთი კვირის შემდეგ (9 მაისს) „ამიენთან“ საშინაო შეხვედრაში თამაშს. თუმცა, სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი მზად იქნება მოედანზე დასაბრუნებლად, თუ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეიოფში ითამაშებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

„სენტ-ეტიენი“, საგაზაფხულო ეტაპზე, უმეტესად მეორე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლიდერ „ტრუასთან“ სწორედ დავითაშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ დამარცხდა (0:3) და მესამე ადგილზე დაქვეითდა.

1tv.ge

მსგავსი ამბები