ქართველების „მეცი“ ლიგა 1-ში სულს ღაფავს და მალე ოფიციალურადაც გავარდება. მანამდე კი გუნდი ყველანაირად ცდილობს ვითარების გამოსწორებას და ეს ფაფხური საკმარისი ვერ არის, თუმცა ქართველები შეძლებისდაგვარად ასულდგმულებენ გუნდს და ამის დასტურია ის, რომ ორი ჩვენიანი წარდგენილია აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელობაზე.
შეთავაზებულია 4 კანდიდატი და მათ შორის არიან გიორგი ქვილითაია და გიორგი წიტაიშვილი.
ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ აი ამ ბმულზე.
ქვილითაიამ „მეცში“ სულ 7 მატჩი ითამაშა და 2 გოლი შეაგდო. 32 წლის თავდამსხმელმა აპრილში მხოლოდ ბოლო ორ ტურში ითამაშა და ორივეში გაიტანა.
გიორგი წიტაიშვილმა აპრილში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, სტუმრად „მარსელთან“. გარდა ამისა, წიტემ პენალტი მოიპოვა ბოლო ტურში „ლე ავრთან“.
ქართველების კონკურენტები სენეგალელი მეკარე პაპე სი და ცენტრალური მცველი სადიბუ სანე არიან.
„მეცი“ 31 ტურის შემდეგ 16 ქულით ბოლო ადგილზეა, 2 მაისს შინ „მონაკოს“ შეხვდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.
