ზურიკო დავითაშვილი მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შესანიშნავად: გოლი და საგოლე პასი გააკეთა და „სენტ ეტიენს“ ლიგა 2-ის ბოლო, 34-ე ტურში აუტსაიდერი „ამიენის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0.
თავიდან ზურიკი თადარიგში იყო და 56-ე წუთზე შევიდა, მალე კი გოლიც გაიტანა.
საჯარიმოში კარგად გაეხსნა თანაგუნდელს და მეკარესთან აღმოჩენილმა ზუსტად დაარტყა.
85-ე წუთზე კი უკვე დავითაშვილის პასით გავიდა მატჩის ბოლო გოლი.
შეფასებები: Flashscore – 8.3, Sofascore – 8.0.
ზურიკოს ანგარიშზე სეზონში 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სენტ ეტიენი – ამიენი 5:0
გოლები: 1:0 დუფუსი (7), 2:0 დუფუსი (40), 3:0 დავითაშვილი (69), 4:0 სტასინი (82), 5:0 მუეფეკი (85)
„სენტ ეტიენს” ლიგა 1-ში გადასასვლელად დიდი ალბათობით პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
„სენტ ეტიენმა“ ჩემპიონატი 60 ქულით დაასრულა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. მესამე პოზიციაზე 59 ქულით “ლე მანია”, რომელიც სტუმრად “ბასტიას” უგებდა, მაგრამ თამაში წამატებულ დროში სტადიონზე არეულობის გამო შეწყდა.
“ლე მანის” ოფიციალურ გვერდზე მალევე გაჩნდა პოსტი – “საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელია”. შემდეგ კი გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მატჩი აღარ განახლდება და რომ საბოლოო შედეგზე ახლო მომავალში გადაწყვეტილებას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.
