გიორგი შერმადინი 3194 ქულით „ტენერიფეს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კლუბის საიტმა ქართველის მიღწევაზე დაწერა და ინტერვიუც გააკეთა.
გიორგი შერმადინი:
„მატჩის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ „ტენერიფეს“ ისტორიაში საუკეთესო მექულე გავხდი. ასეთი მიღწევა ნებისმიერი კალათბურთელისთვის განსაკუთრებულია. იმისთვის ვთამაშობთ, რომ გულშემატკივრებს კარგი მოგონებები დავუტოვოთ. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ რამდენიმე წელი დავრჩე გუნდში.
როგორც ესპანეთიდან, ისე საქართველოდან უამრავი მილოცვა მივიღე. საქართველოში „ტენერიფეს“ კარგად იცნობენ, ჩვენი გუნდის თამაშები ტელევიზიით და სხვადასხვა ვებგვერდზე შუქდება.
ბევრ მწვრთნელთან და კალათბურთელთან მიმუშავია, თუმცა დარწმუნებით ვიტყვი, რომ „ტენერიფეს“ მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა და ჩემი ახლანდელი თანაგუნდელები განსაკუთრებულები არიან. თითოეული ინდივიდუალური ჯილდო, პრიზი, ყველა რეკორდი მათი დამსახურებაცაა. მწვრთნელის მხარდაჭერისა და ასეთი პარტნიორების გარეშე, მსგავს შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდი“.

