კვერნაძემ ქულები დაკარგა, კაშიამ მოიგო, სხვებს არ უთამაშიათ – ლეგიონერები

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ში „კატანძაროს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 2:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: Sofascore – 5.9, Flashscore – 5.8.

კატანძარო – ფროზინონე 2:2
გოლები: 1:0 ფროსინინი (45+2), 2:0 ლიბერალი (46), 2:1 ჩიკელა (50), 2:2 ფიორი (67)

27-ე ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 54 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა.

ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ შინ „ლაიფციგს“ უგებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 1:2. ამით შეწყდა „ჰამბურგის“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ქართველი მცველი თადარიგში დარჩა და არ უთამაშია.

სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. გუნდის კაპიტანი ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. სტუმართა რიგებში გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი შეცვლაზე შევიდნენ.

„ჟილინა“ და „დუნაისკა სტრედამ“ 0:0 ითამაშეს. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა სანდრო ნარიმანიძემ, ხოლო სტუმართა რიგებში ცოტნე კაპანაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (7.9).

ბულგარეთში, ლაშა დვალის ცსკა-მ სტუმრად 2:0 დაამარცხა „სლავია“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინაში, ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ 1:0 დაამარცხა „ვერესი“. სამწუხაროდ, ჩვენიანი სათადარიგო იყო.

ტრავმის გამო არ უთამაშიათ პოლონეთში ოთარ კაკაბაძეს (კრაკოვია-პიასტი 2:3) და პორტუგალიაში გიორგი ქოჩორაშვილს (სპორტინგი-ეშტორილი 3:0). სტუმართა შორის ლომინაძე სათადარიგო იყო.

მსგავსი ამბები