გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში სტამბოლში „გალათასარაის“ შეხვდა და მინიმალურად დამარცხდა – 0:1.
ვიცოდით, რომ კარში ქართველი მეკარე იქნებოდა და მიუხედავად ნაადრევად გაშვებული გოლისა, ჯამში საიმედოდ ითამაშა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
სტუმრებმა თამაში აქტიური პრესინგით დაიწყეს და 4 წუთში სამი ხიფათი შექმნეს, მაგრამ დაისაჯნენ და აქეთ გაუშვეს. ჯერ იყო და საჯარიმოში ოსიმენს მისცეს თავით თამაშის საშუალება, მისი პასით კი ლემინამ ძალიან ახლოდან ასევე თავით გაიტანა. მამარდა ბურთზე ვერ მივიდა, რადგან ერთბაშად ორი მცველი ედგა გოლის გამტანს.


შემდეგ იყო ერთი უხერხულად მოგერიებული ჩაწოდება-დარტყმა და მერე ვნახეთ გიორგის ჩვეული, ტრადიციული გაფრენა, როდესაც ნახტომში მოიგერია ბურთი. მეორე ნახევარში ოსიმენსაც აუღო.
უნდა ითქვას, რომ გიორგის ხშირად უწევდა თამაშში ჩართვა და ძირითადად ფეხით (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) თამაში, შორეული პასები. მოკლედ, წნეხში იყო და უსაქმოდ არ მდგარა.
ჯამში სამი სეივი დაუგროვდა.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.8; Whoscored – 7.0.
Anfield.com-მა მამარდაშვილს 10-დან 8 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
არის ასეთი ლივერპულული საიტი rushthekop, რომელმაც ქართველ მეკარეს ასევე ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 8-იანი.
თავად “ლივერპულის” საიტმაც საუკეთესო შეფასება ჩვენიანს დაუწერა – 7.

გალათასარაი – ლივერპული 1:0
გოლი: ლემინა (7)
განმეორებითი მატჩი „ენფილდზე“ 18 მარტს გაიმართება. მანამდე კი 15 მარტს, პრემიერლიგის შეხვედრაში „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.
