ფეხბურთში დროის გაყვანას ებრძვიან: ახალი წესები უკვე მუნდიალზე იქნება?

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა დროის გაყვანის თავიდან ასაცილებლად ახალი წესი ამოქმედდეს.

მეკარეებისთვის 8-წამიანი წესის დანერგვის შემდეგ, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) გადაწყვიტა, რომ დროის გაყვანასთან ბრძოლის ახალი მეთოდები განიხილოს. ამ წესის თანახმად, მსაჯი კუთხურს დანიშნავს, თუ მეკარე ბურთს რვა წამზე მეტხანს დააყოვნებს.

მსაჯებს სავარაუდოდ მიეცემათ უფლებამოსილება დაიწყონ 5-წამიანი ათვლა, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ბურთის თამაშში შეყვანას აჭიანურებენ. ბურთის თამაშში შეყვანის ხუთ წამზე მეტად დაყოვნება (აუტიდან ან კუთხურიდან) გამოიწვევს ბურთის ჩამორთმევას.

შაბათს, 28 თებერვალს, IFAB-მა შესაძლოა დაამტკიცოს ეს და სხვა წესები ყოველწლიურ კრებაზე. ოფიციალურად მიღებული ცვლილებები ძალაში 1 ივლისს შევა, თუმცა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 11 ივნისს დაიწყება, უკვე ამოქმედდეს.

ამავდროულად, ფიფაც გვთავაზობს ახალ წესს მატჩის დროს დაშავებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.

ახალი წინადადებების თანახმად, ტრავმის გამო სამედიცინო დახმარების მიმღებ მოთამაშეებს შესაძლოა მოეთხოვოთ მოედანის მიღმა მინიმუმ ერთი წუთი დარჩნენ.

ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება თამაშის ტემპის ვარდნის და დროის გაყვანის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც სავარაუდოდ შაბათს IFAB-ის შეკრებაზე დამტკიცდება.

ფიფამ სიახლე დეკემბერში არაბული ქვეყნების თასზე გამოსცადა, სადაც მოთამაშე მოედნის მიღმა ორი წუთით უნდა დარჩენილიყო. ხანგრძლივობასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა, ორწუთიანი ვარიანტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. კომპრომისის სახით ერთი წუთი იყო შეთავაზებული.

არსებობს შეშფოთება, რომ ფეხბურთელის ერთწუთიანი არყოფნა მნიშვნელოვნად გაზრდის ათი კაცით მოთამაშე გუნდის მიერ გოლის გაშვების ალბათობას. მუსირებს აზრი, რომ მოთამაშეები სავარაუდო დაზიანებებს თამაშის შეყოვნების მიზნით იყენებენ, მაგრამ ასევე მიაჩნიათ, რომ დროის ლიმიტის გახანგრძლივებამ შესაძლოა დააზარალოს ნამდვილად დაშავებული მოთამაშეები.

შესაძლოა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვან.

მსგავსი ამბები