ისტორიას მივმართოთ და გავიხსენოთ, რა კვალი დატოვეს ჩვენმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე…
…ისტორია სათავეს იღებს 1962 წლიდან. მაშინ მუნდიალი ჩილეში გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა მოუგო იუგოსლავიას (2:0) და ურუგვაის (2:1), ხოლო უხვგოლიან მატჩში დაუზავდა კოლუმბიას (4:4). მეოთხედფინალში საბჭოელებმა ვერაფერი გააწყვეს მასპინძელ ჩილესთან (1:2).
ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას 4 ქართველი ფეხბურთელი იცავდა. 4-დან 3 მატჩში მიიღეს მონაწილეობა მიხეილ მესხმა და გივი ჩოხელმა. სლავა მეტრეველი მხოლოდ იუგოსლავიასთან სასტარტო თამაშში გამოჩნდა, ხოლო სერგო კოტრიკაძე სათადარიგო მეკარე გახლდათ.
არადა, ბევრი სპეციალისტი მიიჩნევდა, რომ ლევ იაშინის ნაცვლად კარში სწორედ ის უნდა მდგარიყო… საბჭოთა ნაკრების მაშინდელ დამრიგებელს, მერე კი თბილისის “დინამოს” საჩემპიონო სეზონის შემომქმედ გავრილ კაჩალინს ჩვენების მიმართ შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ისეთი დრო იყო, ყველაფერს მწვრთნელი ვერ წყვეტდა…
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირის ნაკრებმა საუცხოოდ ჩაატარა და არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – მეოთხე ადგილზე გავიდა. ნიკოლაი მოროზოვმა პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა და მურთაზ ხურცილავა, ასევე საქართველოში დაბადებული მეკარე ანზორ კავაზაშვილი იახლა.
კავაზაშვილმა ჯგუფში “მშრალად” შეინახა კარი ჩრდილოეთ კორეასთან მოგებულ თამაშში (3:0), ჩილესთან კი (2:1) მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. იმ პერიოდში ის მოსკოვის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა.
სამმა ქართველმა ითამაშა პორტუგალიის ნაკრებთან III ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, რომელიც ლეგენდარულმა ეუსებიომ და მისმა თანაგუნდელებმა 2:1 მოიგეს. მურთაზ ხურცილავა საჯარიმოში ხელით თამაშისთვის 11-მეტრიანით დასაჯეს.

მექსიკაში 1970 წელს ჩატარებული მუნდიალი უნიკალური იყო იმით, რომ იქ ერთბაშად ექვსმა ქართველმა ითამაშა. საბჭოთა ნაკრებს კვლავ ჩვენი ძველი ნაცნობი, გავრილ კაჩალინი ხელმძღვანელობდა.
“აცტეკაზე” მექსიკასთან (0:0) გახსნით მატჩში ძირითადში იყვნენ ანზორ კავაზაშვილი, კახი ასათიანი და გივი ნოდია. ამ შეხვედრის 30-ე წუთზე ასათიანმა მიიღო ყვითელი ბარათი, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული მუნდიალების ისტორიაში.
ბელგიასთან მოგებულ (4:1) შეხვედრაში საბჭოთა ნაკრების დაცვაში რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა გამოჩდნენ. ასათიანი კი ამჯერად გოლით გამოირჩა, თან – შესანიშნავი გოლით!
ქართულმა ოთხეულმა ითამაშა სალვადორთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში. ნოდია და მეტრეველი კი სათადარიგოები იყვნენ.
მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები დამარცხდა ურუგვაისთან. დამატებითი დროის 117-ე წუთზე მოხდა მატჩის საკვანძო ეპიზოდი. საბჭოელებს ბურთი ხაზს იქით გადასული ეგონათ და გაჩერდნენ. სწორედ ამით ისარგებლა ვიქტორ ესპარაგომ და მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.
ამ შეხვედრის ძირითადში იყვნენ ძოძუაშვილი, ხურცილავა, ასათიანი და კავაზაშვილი. სათადარიგოთა შორის დარჩნენ ნოდია და მეტრეველი.
1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხმა ქართველმა (ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც კაპიტანიც იყო, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია) ითამაშა, ხოლო ნოდარ ახალკაცი სამწვრთნელო ტრიუმვირატში შედიოდა კონსტანტინ ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად.

მუნდიალის პირველი შეხვედრა საბჭოელებმა ბრაზილიასთან გამართეს. ოთხივე თბილისის დინამოელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ბრაზილიელებმა 2:1 მოიგეს, თუმცა საქმე შეიძლებოდა, სხვანაირად წასულიყო – ესპანელმა არბიტრმა ჯერ 11-მეტრიანი არ დანიშნა რამაზ შენგელიას აშკარა წაქცევისათვის, მერე კი მასვე გაუუქმა გოლი.

ახალ ზელანდიასთან შეხვედრაში საბჭოთა გუნდს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ოთხივე ქართველი ისევ ძირითადში იყო. შოტლანდიასთან ჯგუფის ბოლო ტურის დაპირისპირებაში კი სსრკ-ს ფრეც ჰყოფნიდა მეორე ეტაპზე გასასვლელად.
…ჩივაძე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეჰფერის, ასწორებს დაცვაში დაშვებულ შეცდომას და ათანაბრებს ანგარიშს, მერე კი შენგელია ჩაუსაფრდება მეტოქის შეცდომას, პირისპირ გადის მეკარესთან, მასაც გასცდება და ბურთს ცარიელ კარში შეაგორებს. შოტლანდიამ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ფრე (2:2), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა ნაკრებს აძლევდა ხელს…

მეორე ჯგუფურ ეტაპზე სსრკ-მ 1:0 მოუგო ბელგიას, პოლონეთთან (მომავალ მესამე პრიზიორთან) კი უგოლო ფრეს დასჯერდა და ტურნირს დაემშვიდობა. მაშინ პოლონეთში საპროტესტო მოძრაობა იყო აზვირთებული და საბჭოთა ჩინოსნებმა ნაკრებს კონკრეტული გეგმა დაუსახეს – არავითარ შემთხვევაში არ წაეგოთ.
არადა, როცა გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, სამწვრთნელო ტრიუმვირატმა… ერთბაშად 5 მცველი დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველთაგან ძირითადში იყვნენ ჩივაძე, სულაქველიძე და შენგელია, ხოლო დარასელია თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.
1986 წელს, ბევრის აზრით, საბჭოთა კავშირის ნაკრები უძლიერესი იყო არსებობის ისტორიაში. გუნდთან ერთად გახლდათ ალექსანდრე ჩივაძეც, ვინც მუნდიალს ტრავმით შეხვდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მერვედფინალში ბელგიელების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ…
როგორც ჩანს, ვალერი ლობანოვსკისა და მის სამწვრთნელო შტაბს უკვე გავლილი ეგონა ბელგიის ნაკრების ბარიერი (ალბათ იმიტომ, რომ ბელგიელები ძლივს, მესამე ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან). გადაწყდა, “დინამოს” კაპიტანი კიდევ ერთი მატჩი დაესვენებინათ და მეოთხედფინალიდან ჩაერთოთ საქმეში…
კი ბატონო, იმ შეხვედრაში იყო სამსაჯო შეცდომები, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა და ეს გახდა კიდეც მარცხის მთავარი მიზეზი. ბელგიელებმა 4:3 იმარჯვეს.
lelo.ge
