ამ უქმეებზე ქართული ლეგიონის ამბებიდან გამორჩეული იყო დუდა სანაძის მოედანზე დაბრუნება, რომელმაც ნახევარი თვე ტრავმის გამო იუქმა. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგის 29-ე ტურში პალმერ ბასკეტმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მელილასთან 75:82 წააგო, სანაძე კი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მწვრთნელმა მას სოლიდური დრო – 26 წუთი დაუთმო.
ქართველმა ლეგიონერმა 13 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. პალმერ ბასკეტ მენორკას 7 მოგება და 20 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება. დუდას გუნდი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს გასავარდნ ზონას, ამდენად, მთავარი ბრძოლები წინ ელის.
ACB ლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ბილბაოს უმასპინძლა და 29 ქულის სხვაობით გაანადგურა – 90:61. ბარსამ ისე დაიწყო, ევროლიგაზე ზედიზედ ორი მარცხის ჯავრი მთლიანად ბასკურ კლუბზე იყარა – პირველი მეოთხედი 21:7 მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 16:26 წუთი ითამაშა, თუმცა გუნდს 10 ქულა მოუტანა – თამაშიდან 7-ჯერ ესროლა და ხუთჯერ ჩააგდო, სამქულიანი ან საჯარიმო არ უსვრია. ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც. 17 ქულით საუკეთესო იყო ისუფა ფოლი, ჟოელ პარას ანგარიშზე 16 ქულა და 8 მოხსნაა.
ალექს მერკვილაძის ოსტენდე ვეერტს ესტუმრა და ოვერტაიმში 96:92 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა 25 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. მან ერთი სამქულიანი ჩააგდო და პლუს/მინუს მაჩვენებელი გუნდში საუკეთესო ჰქონდა – 14. ალექსის ანგარიშზეა ორი ჩაჭრაც.
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურში მარკის რიდის ტრაბზონსპორმა შინ 84:90 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა
34:48 წუთი ითამაშა და გუნდს 30 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მან შორი დისტანციიდან ცუდად ისროლა – 5-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მატჩის ბომბარდირი მაინც გახდა. მის ანგარიშზეა ასევე 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა.
ერთ-ერთ აუტსაიდერთან მარცხის შემდეგ ტრაბზონსპორს 17-9 ბალანსი გაუხდა, გუნდი მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი დათმო. 19 აპრილს სტამბოლში მარკის რიდსა და კომპანიას სერიოზული გამოცდა ელის მეორე ადგილზე მყოფ (21-4) ფენერბაჰჩესთან.
