„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ადასტურებს, რომ ალისონ ბეკერი კვლავ ტრავმირებულია და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
გუნდში მიმდინარე პროცესებზე გამოცემა thisisanfield-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს:
„ბრაზილიის ნაკრებში საფრანგეთთან და ხორვატიასთან გამოტოვებული ამხანაგური მატჩების შემდეგ ალისონი ვერც „ლივერპულს“ დაეხმარება უახლოეს შეხვედრაში.
ეს ფაქტი გულშემატკივრებში იმედგაცრუებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ 33 წლის მეკარესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2027 წლამდე გაახანგრძლივა, შესაძლოა, მალე დადგეს დრო, კლუბმა სხვა გზაც განიხილოს. ტრავმის დადასტურების შემდეგ, ალისონმა დაწერა: „სამწუხაროდ, ცოტა ხნით ვერ ვითამაშებ. უკვე ბევრს ვმუშაობ, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე! მადლობა მხარდაჭერისთვის“.
ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ გასვლით მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი იქნება. ოთხი დღის შემდეგ კი, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგაც, სავარაუდოდ, ის ითამაშებს. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართველი მეკარისთვის, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდის პირველი ნომერი გახდება.
მამარდაშვილმა ინგლისში გადასვლის შემდეგ 13 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაუშვა და კარი „მშრალად“ მხოლოდ სამჯერ შეინახა“, – წერს thisisanfield-ი.
„ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში 4 აპრილს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
1tv.ge
