თავი გავწირე: მიქაუტაძისთვის ლიონის დატოვება ყველაზე მტკივნეულია – რატომ სჯობია შერკი იამალს

ესპანური „ვილიარეალის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ Canal Plus-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემას შეეხო.

მიქაუტაძემ ისაუბრა თავისი მშობლიური გუნდის „ლიონის“ დატოვებაზე. მოგეხსენებათ, ჩვენიანი ესპანეთში სწორედ ლიონიდან წავიდა, რადგან კლუბს ფული სჭირდებოდა, მის ტრანსფერში კი 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ლიონის დატოვება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული რამაა. ძალიან დამწყდა გული. მივედი იმისთვის, რომ ყველაფერი გამეკეთებინა და უკვე ერთი წლის შემდეგ წასვლა მომიწია. მიმაჩნია, რომ თავი გავწირე, რადგან გუნდს ფინანსურად უჭირდა. წასვლა გადავწყვიტე. მადლობა ყველაფრისთვის, მენატრება იქაურობა და წარმატებებს ვუსურვებ“.

მიქაუტაძეს ასევე ჰკითხეს, „ლიონში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი სჯობს თუ ლამინ იამალი. აი რა უპასუხა ჟორჟმა:

„იამალის დონის ფეხბურთელების ყურება უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ შერკი ლამინზე უკეთესია. რაიანი ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს, ლამინი კი მხოლოდ მარცხენა ფეხითაა კარგი.
შერკის შეუძლია გოლის გატანა, მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, საგოლე პასებს აკეთებს, შეუძლია მომენტების შექმნა, სტანდარტული დარტყმების პროფესიონალია და მოკლედ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.

მსგავსი ამბები