დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგს მივაღწევთ: ლუის ენრიკე გუნდურობას და ერთად დგომას ითხოვს

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს შინ ითამაშებს ლონდონის „ჩელსისთან“. მატჩამდე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ლუის ენრიკე:

„კარგ ფორმაში ვართ და მოტივაციაც მაღალია. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მოუთმენლად ველით როდის ვითამაშებთ „პარკ დე პრანსის“ შესანიშნავ ატმოსფეროში. სერიოზულად მოვემზადეთ და დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.

ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება ყველაზე რთულია, ხოლო ზედიზედ მეორედ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ამის უნარი გვაქვს, თუმცა ეს მარტივი არ არის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩელსისთან“ ლონდონში შეხვედრაც გველის. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მატჩი კარგად უნდა ჩავატაროთ. ორმატჩიან დაპირისპირებას ერთნაირი მიდგომით შევხვდებით, როგორც პირველ, ისე განმეორებით შეხვედრას. მეტოქე ძლიერია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

რთულ მომენტებში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა. ახლა არც ინდივიდუალურ საკითხებზე და არც ნეგატიურ თემებზე საუბრის დრო არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანა გუნდური თამაშის გაუმჯობესებაა“.

პსჟ-„ჩელსის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი ამბები