ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.
ამ სათამაშო დღეს, შეიძლება ითქვას, სამი გმირი ჰყავდა – ფედერიკო ვალვერდე, „ბოდო გლიმტი“ და…. ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩას ამბები კი ვიცით, შეცვლაზე შესულმა საგოლე პასი, ორი გოლი და თამაში რომ გააკეთა.
ვალვერდემ და „ბოდომაც“ ჰეთ-თრიქები შეასრულეს: ურუგვაელმა ერთ ტაიმში გაუტანა გვარდიოლას „სიტის“ სამი გოლი, ხოლო „ბოდომ“ ასევე სამბურთიანი უპირატესობა შეიქმნა განმეორებითი მატჩის წინ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგთან“.
“არსენალი” კი ლევერკუზენში წაგებისგან “ბაიერის” ყოფილმა ფეხბურთელმა იხსნა, შეცვლაზე შესულმა კაი ჰავერცმა პენალტი შეაგდო.
საინტერესოა, რომ პირველად ჩემპიონთა თასის / ლიგის ისტორიაში, ორმა ინგლისურმა კლუბმა ერთ სათამაშო დღეს წააგო 3 ან მეტი ბურთის სხვაობით.
ისედაც, პრემიერლიგის კლუბებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩებში ექვსიდან არც ერთი მოგება არ აქვთ და ოთხი წააგეს საერთო ანგარიშია 6:16.
განმეორებითი მატჩები 17 მარტს გაიმართება.
ბაიერი – არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ანდრიხი (46), 1:1 ჰავერცი (89)
„არსენალმა“ გასული სეზონის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოგება. „ბაიერთან“ ფრემდე ზედიზედ რვა მოგება იყო.
კაი ჰავერტცის პენალტი, რომელიც 88-ე წუთსა და 33-ე წამზე გავიდა, 11-მეტრიანით გატანილი “არსენალის” ყველაზე გვიანი გოლია ევროტურნირებზე, მას შემდეგ, რაც ნიკლას ბენდტნერმა “პორტუს” 2010 წლის მარტში გაუტანა – 90:26.
არტეტა: „არსენალი გარკვეულწილად დომინირებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. უყურადღებოდ ვიყავით და გავუშვით, მაგრამ შეცვლების შემდეგ, მივახერხეთ ფრისთვის მიგვეღწია “.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტრ ანდრიხი


რეალი – მანჩესტერ სიტი 3:0
გოლები: 1:0 ვალვერდე (20), 2:0 ვალვერდე (27), 3:0 ვალვერდე (42)
გამოუყენებელი პენალტი: ვინისიუსი (57, რეალი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფედერიკო ვალვერდე
ფედერიკო ვალვერდემ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ფედერიკო ვალვერდემ “მანჩესტერ სიტთან” პირველ ტაიმში იმდენივე გოლი გაიტანა (3), რამდენიც ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ წინა 75 მატჩში – ერთად.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩის პირველ ტაიმში ისტორიაში მეოთხედ გაიტანა სამი გოლი. 2014 წლის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა.
გვარდიოლა ფერგიუსონს დაეწია ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებით – 190 თამაში. მხოლოდ ანჩელოტის აქვს მეტი – 218.
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში თავისი ყველაზე მძიმე მარცხი გაიმეორა. მანამდე, ის ასევე 0:3 დამარცხდა “ბარსელონასთან” (2014/15, ნახევარფინალი) და “ლივერპულთან” (2017/18, მეოთხედფინალი).
„სიტის“ „რეალის“ წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩიდან 1 მოგება აქვს.
გვარდიოლა: „0-3 0-4-ზე უკეთესია. “სიტის” ახლა მცირე შანსი აქვს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ დავბრუნდეთ“.
არბელოა: „ჩვენი არ სჯეროდათ, მაგრამ ჩვენ „რეალ მადრიდი“ ვართ და ჩვენი ჩამოწერა არასდროს შეიძლება. გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ასეთი ღამე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანეს“.



ბოდო გლიმტი – სპორტინგი 3:0
გოლები: 1:0 ფეტი (32, პენ), 2:0 ბლომბერგი (45+1), 3:0 ჰეგი (71)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სონდრე ბრანსტადი
„ბოდო გლიმტმა“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 13:4. ნორვეგიელებმა ორჯერ დაამარცხეს „ინტერი“ და ასევე „სიტი“, „ატლეტიკო“ და „სპორტინგი“.



პსჟ – ჩელსი 5:2
გოლები: 1:0 ბარკოლა (10), 1:1 გიუსტო (28), 2:1 დემბელე (40), 2:2 ფერნანდესი (57), 3:2 ვიტინია (74), 4:2 კვარაცხელია (86), 5:2 კვარაცხელია (90+4)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიამ “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩში 11 გოლში (გოლი+პასი) მიიღო მონაწილეობა.
პსჟ პირველი გუნდია ბოლო 4 სეზონის განმავლობაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა იმ პირობებში, როცა მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xG) ერთზე ნაკლები (0.87) იყო.
ლონდონის “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი ისტორიაში მხოლოდ მეორედ გაუშვა; პირველად ეს 2000 წლის აპრილში, “ბარსელონასთან” მატჩში (1:5) მოხდა.



