საქართველოს ნაკრებს ხვალ ისრაელთან ამხანაგური მატჩი აქვს. დღეს კი მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს გუნდის ახალარჩეული კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ახლდა თან.
ხვიჩა კვარაცხელია:
„პირველ რიგში მინდა საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მივუსამძიმრო. თავის დროზე მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა.
რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. ხოლო რა იქნება ერთა ლიგაზე, ამას დრო გვაჩვენებს.
რას ნიშნავს ჩემთვის კაპიტნობა? ეს პასუხისმგებლობაა, მით უფრო, რომ კანკავას და კაშიას კაპიტნობის დროს დავიწყე ნაკრებში თამაში. შევეცდები, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ამ როლშიც საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.
როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და ვეცდები ასეთი ვიყო. კანკავასგან და კაშიასგან ვისწავლე, სირთულეების დროს როგორ უნდა იქცეოდეს კაპიტანი. თუ გაგვიჭირდება, პირველმა მე უნდა ავიღო საკუთარ თავზე. როგორც კაპიტანმა, დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.
ერთა ლიგისთვის ვემზადებით და იმედია, ეს თამაშები მოსამზადებლად გამოგავდგება. პირველივე მატჩიდან სექტემბრისთვის ვემზადებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ შემოდგომაზე კარგ შედეგებს მივაღწიოთ“.
–
ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადაეცა. გამოკითხვაში 100-მდე სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 5-ჯერ დასახელდა.
1964 წელს საუკეთესო სპორტსმენი სლავა მეტრეველი გახდა, 1967 – წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2024-ში – გიორგი მამარდაშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ დასახელდა – 2023 და 2025 წლებში.
