საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი ისრაელთან გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში ფრედ ითამაშა – 2:2.
ისეთი თამაში იყო, რომ იტყვიან ხოლმე – მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაცო.
მოგება იმიტომ, რომ ჯერ ერთი მასპინძლები ვიყავით, თითქოს უკეთესი გუნდიც გვყავს, ისრაელში ჩემპიონატი შეჩერებულია და ა.შ. თანაც მატჩის მიწურულს გამოცოცხლებულ საქართველოს შანსებიც მიეცა და მესამის გატანაც შეიძლებოდა.
წაგება კი იმიტომ შეიძლებოდა, რომ როდესაც მოკლე მონაკვეთში ისრაელმა მიჯრით ორი გოლი გაგვიტანა, მერე კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ გაგვიმართლა და გადავრჩით.
ვილი სანიოლმა ნებსით თუ უნებლიედ შემადგენლობა გადაახალისა და დაცვაში ახალი სახეები ვიხილეთ – ისრაელში მოთამაშე ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. ასევე არ დააყენა დავითაშვილი და დებიუტანტ გიზი მამაგეიშვილს მისცა შანსი.
თავიდან უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ტაიმის შუაწელს თამაში გათანაბრდა.
გოლი კი კვარამ შექმნა: საყვარელი მარცხენა ფლანგიდან შუისკენ შეიწია და არა შორეულ კუთეში, არამედ მოულოდნელად საპირისპირო დაბალ კუთხეში დაარტყა. მეკარეს ცოტა ფეხი დაუცდა და ბურთი კარში აღმოჩნდა.
კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა მეორე გოლი: კონტრეშეტევაზე ბურთი ისევ მარცხენა მხარეს მიიღო და უკვე შორეულ კუთხეში პარაშუტით გადაუგდო მეკარეს.
აქ 2:0 გახდა და თოთქოს მოგებაც გვქონდა, მაგრამ მერე დაიწყო კოშმარული მომენტი: ისრაელმა 4-5 მომენტი შექმნა და ორი გამოიყენა. საერთოდაც, მეორე ტაიმი აშკარად მეტოქის უფრო იყო, ერთადერთი შეხვედრის მიწურულს გამოვიჩინეთ მეტი ფხა.
ორივე გუნდში იყო ბევრი შეცვლა, რამაც სტუმარ გუნდში უფრო გაამართლა.
ამხანაგური მატჩი
საქართველო – ისრაელი 2:2
26.03. თბილისი. მიხეილ მესხი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54. მიქაუტაძის პასით), 2:1 მიზრახი (61. ელიელ პერეტცის პასით), 2:2 განდელმანი (64. გლუხის პასით)
საქართველო: მამარდაშვილი, გადრანი (74. კვერნაძე), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, გ. მამაგეიშვილი, კიტეიშვილი (56. დავითაშვილი), გაგნიძე, მექვაბიშვილი (74. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე (74. გულიაშვილი)
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კერესელიძე, აზაროვი, დვალი, გელაშვილი, გოჩოლეიშვილი, ზივზივაძე
გაფრთხილება: ელიელ პერეტცი (21), წიტაიშვილი (77)
ცივ გონებაზე უფრო კარგად შეფასდება ეს თამაში და საინტერესო თავად მწვრთნელის ანალიზიც იქნება, თუმცა ერთი რამ ისევ ფაქტად რჩება – ეს თითქოს აღარ არის ის 2-3 წლის წინანდელი აღტკინებული საქართველო…
მატჩი საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ხსოვნით დაიწყო.

