ევროპის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები ცნობილია: ახალი მწვრთნელი უცხოელი იქნება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში.

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ასპარეზობას 32 ქვეყნის ნაკრები შეუდგება. მათ შორის, 24 ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას.

აქედან 4 საგზურის მფლობელი წინდაწინვეა ცნობილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ევრო 2028-ის თანამასპინძლები – ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია. ასე რომ, გამოსავლენია დარჩენილი 20 საგზურის მფლობელთა ვინაობა.

26 მარტს ლისაბონში ევრო 2028-ის კენჭისყრა გაიმართა. წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, საქართველო ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) რეიტინგის გათვალისწინებით, მესამე კალათაში დაწინაურდა.

გუნდები 8 ჯგუფში, თითოეულში 4 წარმომადგენლით გადანაწილდა. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები, ისევე როგორც ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს წილისყრის შედეგად შეხვდა პირველი კალათიდან ნორვეგია, მეორე ჯგუფიდან ავსტრია და მეოთხე ჯგუფიდან თურქეთი.

ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დაიწყება, გაგრძელდება 2027 წლის მარტში და დასრულდება მაისში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი გაუძღვება.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს ეროვნული ნაკრების უკანასკნელი პერიოდის მატჩები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. პრეზიდიუმმა ერთხმად გადაწყვიტა – ტიტე კალანდაძეს და სამწვრთნელო შტაბს გამოეცხადოს დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის. ამიერიდან ნაკრებს ახალი უცხოელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

მსგავსი ამბები