ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პარიზულმა კლუბმა განმეორებითი მატჩი „ენფილდზეც“ ისეთივე ანგარიშით მოიგო, როგორც შინ – 2:0.
“ენფილდის” თავსხმა წვიმაში ორივე ქართველი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშეს.
მამარდას თავიდან უფრო მეტი საქმე ჰქონდა და კარგადაც გაისარჯა. პირველი დარტყმა გიორგიმ სწორედ ხვიჩას აუღო. ერთ ეპიზოდში დასწრებაზე წინ გამოვიდა და ბურთი მოიგერია, სანამ კარში ხეირიანად დაბრუნდებოდა დემბელემ სახიფათოდ დაურტყა, მაგრამ მამარდა ბურთს მისწვდა და გუნდი გადაარჩინა.
სხვა დროსაც საიმედოდ იდგა და მეორე ტაიმში „ლივერპული“ რომ გააქტიურდა და გოლის გასატანად გაიწია, საქმეც ბევრი არ ჰქონია, მაგრამ… 72-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დემბელემ კუთხეში დაურტყა და მამარდას ნახტომი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვერ მისწვდა ბურთს. მასპინძლებმა თავად ვერ გამოიყენეს მომენტები და ასე დაისაჯნენ. მეორე გოლი კი ბოლოს გაუშვეს და ჩვენს მეკარესთან ლამის ნახევარი პარიზი მარტო დარჩა, კონტრშეტევაზე ცარიელ კარში შევიდნენ.
ხვიჩა: არ გვიკვირს მისგან ასეთი თამაში. ბევრს მოძრაობდა, ცდილობდა სივრცის გამოთავისუფლებას და დასარტყმელად გასვლას. ფლანგებსაც იცვლიდა. ბარკოლას გამოსვლის მერე ცენტრშიც კი დადგა. დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა. ოფიციალურად კვარას ეკუთვნის ასისტი, სწორედ მან მიაწოდა დემბელეს პირველი გოლისას პასი. მეორე გოლის დროს კი კვარამ წამოიწყო მარცხნიდან შეტევა და პრეასისტი გამოუვიდა. ბოლოს ხვიჩას დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კერკეზმა გამოიტანა.
მოკლედ, კვარასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე პასია. ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლი და 5 ასისტი.




შეფასებები:
კვარაცხელია: Flashscore – 7.3; Sofascore – 7.2; Whoscored – 7.3; L’Equipe – 6.
მამარდაშვილი: Flashscore – 5.8; Sofascore – 5.7; Whoscored – 5.8; thisisanfield – 6.




ლივერპული – პსჟ 0:2
პირველი მატჩი 0:2
გოლები: 0:1 დემბელე (72. კვარაცხელიას პასით), 0:2 დემბელე (90+1. ბარკოლას პასით)
ლივერპული: მამარდაშვილი – ფრიმპონგი (46. ჯო გომესი / 67. ნგუმოა), კონატე, ვან დეიკი, კერკეზი – გრავენბერხი, სობოსლაი – ეკიტიკე (31. სალაჰი), მაკ ალისტერი (74. ჯოუნსი), ვირტცი – ისაკი (46. გაკპო)
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (38. ერნანდესი) – ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი (81. ბერალდო) – კვარაცხელია, დუე (52. ბარკოლა), დემბელე
პსჟ ნახევარფინალში ან ხვიჩას საყვარელ „რეალს“ შეხვდება ან რაც უფრო მოსალოდნელია მიუნხენის „ბაიერნს“: 28 აპრილს სტუმრად და 5 მაისს შინ.
