ეს სულ სხვა დონეა: კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია – ხვიჩა ლეგენდებს აოცებს

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, უეინ რუნიმ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-სა და “ბაიერნის” მატჩი (5:4) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

რუნის თქმით, ქართველი გამორჩეული თვისებების მქონე ფეხბურთელია.

„ამ ბიჭზე უნდა ვისაუბროთ. ის, რაც კვარაცხელიამ “ბაიერნის” წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის – ეს ხასიათია. ნახევარფინალში ორი გოლის გატანა დიდებული ამბავია, მაგრამ ის როგორც აცეკვებს მცველს და მას არანაირ შანსს არ აძლევს, ეს სულ სხვა დონეა. ის არის პირდაპირი, არაპროგნოზირებადი და აქვს სითავხედე, ამას დადებით კონტექსტში ვგულისხმობ. თავადაც იცის, რომ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა”, – განაცხადა რუნიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ Amazon Prime-თან ჩვენებურის შესახებ ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ისაუბრა და ხვიჩას ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მისი თამაში მხოლოდ უმჯობესდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა მარცხენა ფლანგზე, სივრცეების პოვნა ცენტრშიც შეუძლია, რადგან ის ძალიან ინტელექტუალური მოთამაშეა და გამოსავალს ყველა სიტუაციაში იპოვნის.

რუნის გავს. რთულ მომენტებში ნახევარდაცვასაც ეხმარება და ეს გუნდისთვის დამატებითი პლიუსია. ხვიჩა უბრალოდ წარმოუდგნელად ძლიერი ფეხბურთელია”, – თქვა ზეედორფმა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.

sportall.ge

მსგავსი ამბები