პლანეტაზე საუკეთესოა: რას წერენ ჟურნალისტები კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველგან ყველა საუბრობს. ბაიერნთან მატჩის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა აღტაცება არ დამალეს და მას ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ.

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, რაშიც ძალიან დიდი დამსახურება ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომელმაც კიდევ ერთხელ სუპერთამაში ჩაატარა. პარიზელები მიუნხენში ბაიერნს დაუზავდნენ (1:1), მაგრამ ორი მატჩის ჯამში 6:5 მოიგეს.

კვარას ფენომენალური სეზონი აქვს, საუცხოო ფორმაშია და ყველა მასზე ლაპარაკობს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამ სტატიაში წაიკითხავთ ჟურნალისტების მოსაზრებებს ქართველ ვარსკვლავზე, რომლებმაც ბაიერნთან მატჩის შემდეგ ხვიჩაზე ასე ილაპარაკეს…

კვარაცხელია იდეალური სკალპელია, არსენალ, ფრთხილად იყავი: გარდიანმა ხვიჩაზე სასწაულები დაწერა

სანდრო საბატინი (იტალია):
“პირველი მატჩის შემდეგ, ასეთ დონეზე მსგავს თამაშზე ვფიქრობდი, რომ ეპიზოდური იყო, მაგრამ მიუნხენშიც იგივე გააკეთა. ამ მომენტში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნომერი პირველია. ოქროს ბურთს იმსახურებს და იმედია, მოიგებს”.

პეპე დელ ბოსკე (ესპანეთი):
“კვარადონა”, “კვარადინიო” ან როგორც გვინდა ვუწოდოთ. მსოფლიოს ჩემპიონატს ყველაზე მეტად ქართველი კვიჩა კვარაცხელია დააკლდება. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ცხადია, შეტევაში მისი თამაშის, ასევე თავდაცვითი თავგანწირვისა და ბურთის გარეშე ძალისხმევის უნარის გამო. ის 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მივიდა და მას შემდეგ პსჟ-ს ისტორია შეიცვალა. მისი გავლენა მყისიერი და მდგრადი იყო. შთამბეჭდავია”.

მარტინ მოსნიე (საფრანგეთი, ‘ევროსპორტი’):
“სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, რომ დიდი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია, შესაძლოა ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტიც ყოფილიყო. უფრო სწორად, იქნებოდა კიდეც მთავარი ფავორიტი. ის საუკეთესო ფეხბურთელია. აი, სტივენ ჯერარდი TNT-ზე ამბობს, რომ ამ მომენტში ის მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია, მაგრამ მე სიტყვა ვინგერს საერთოდ მოვაშორებდი – ამჟამად ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დღეს ის საუკეთესოა. არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის მატჩი, სადაც ის ჩაიკარგება ან ვერ გამოჩნდება. რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია გვაჩვენებს, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ექვს თვეში, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ანუ შემდეგ საფეხურზეც გადავიდა. მისი მენტალიტეტი და ის, რასაც განასახიერებს – ეს არის მებრძოლი, დაუღალავი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია საკუთარ საჯარიმომდე ჩამოვიდეს ბურთის დასაცავად. იბრძვის მოედნის ცენტრში, მეორე ბურთებისთვის, ართმევაზე. ის უნივერსალური და სრულყოფილი ფეხბურთელია. დღეს სტივენ ჯერარდი ამბობს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია, ხოლო ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი”.

ჯოვანი კასტალდი (საფრანგეთი, ‘ეკიპი’):
“განსხვავებით მაიკლ ოლისესგან, როცა რთული მატჩია, სწორედ მაშინ არის კარგი. ნუნუ მენდეში რაღაც წარმოუდგენელ დონეზე არ თამაშობდა, უბრალოდ, ოლისეს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ვფიქრობ, რომ ის არ არის ისეთი ცივსისხლიანი და უშიშარი, როგორიც მეორე ფლანგზე ლუის დიასია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტში ჩემთვის პლანეტაზე მასზე ძლიერი ფეხბურთელი არ ჩანს. მას გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ტექნიკურად, რასაც აკეთებს, რასაც ორთაბრძოლებში ახერხებს – შეუჩერებელია. დიდ მატჩებში საოცარი სტაბილურობა აქვს, ანუ მისი საშუალო დონე ყოველთვის მაღალია. თქვენ საუბრობდით დაფასებაზე: როცა ვხედავთ, რას აკეთებს კვარაცხელია მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვარში პსჟ-ში გადავიდა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად პატივია. ხალხს ვემუდარები, თუ შეუძლიათ, წავიდნენ სტადიონზე მის სანახავად. ეს რაღაც გამორჩეულია”.

სერდარ ალი ჩელიკლერი (თურქეთი):
“ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობრივად, დღეს განაცხადა: “მე ფლანგის მეფე ვარ”. მან ნამდვილი შოუ მოაწყო. ლაიმერი და სტანისიჩი დაშალა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო”.

სასიამოვნო საკითხავი: მძულს. არა, აღფრთოვანებული ვარ… გერმანელმა ქომაგებმა კვარა არადამიანურ დონემდე აიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი სეზონი აქვს, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს: 15 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი. ყველა ტურნირზე პსჟ-ს მაისურით მან 44 თამაშში თავი 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოიჩინა. აქვე ვთქვათ, რომ კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ შვიდ მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა (გოლი ან საგოლე პასი).

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედაა (ისტორიაში მესამედ), სადაც 30 მაისს, ბუდაპეშტში, ლონდონის არსენალს შეხვდება.

betsson.sport

მსგავსი ამბები