მეორე კვარაცხელია უკვე აქ არის…

ესპანურმა “მარკამ” ვრცელი სტატია მიუძღვნა თორნიკე კვარაცხელიას. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა ამ დროისთვის თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავს და ეროვნულ ლიგაში დებიუტიც ჰქონდა. ცოტა ხნის წინ კი მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც “ბაიერნის” ხელმძღვანელობას კარგი თამაშით მოაწონა თავი.

“თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი თბილისის “დინამოში” 16 წლის ასაკში შედგა. “დინამო” ის კლუბია, რომელმაც თორნიკეს უფროსი ძმა, ხვიჩა კვარაცხელია გამოაჩინა საფეხბურთო რუკაზე ჯერ კიდევ 2018 წელს. ის უკვე იყო სინჯებზე “ბაიერნში”, თუმცა გერმანული კლუბი მას 2028 წლის თებერვლამდე ვერ დაიმატებს.

დღევანდელ ფეხბურთში, როცა მსოფლიოს წამყვან კლუბებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიუწვდებათ თვალი, ხვიჩა კვარაცხელიან ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. 2022 წელს ის “ნაპოლიმ” ბათუმის “დინამოდან” დაიმატა, როგორც ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი. ის ჯერ “ნაპოლის” გაუძღვა მარადონას შემდეგ პირველი სკუდეტოსკენ, ახლა კი “პარი სენ-ჟერმენშია” და “ოქროს ბურთის” ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

ხვიჩა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ უკვე 9 სწელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში შედგა მისი დებიუტი. ახლა კი მის კვალს უმცროსი ძმა მიჰყვება. ხვიჩა “დინამოს” ისტორიაში მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია – იმ დღეს ის 16 წლის, 3 თვის და 9 დღის იყო. უმცროსი კვარაცხელია კი დებიუტის დღეს 4 თვით უფროსი იყო.

საინტერესოა, რომ თორნიკემ “დინამოს” მაისურით პირველი მატჩი 18 ნომრით ითამაშა, ისევე, როგორც უფროსმა კვარაცხელიამ, მაგრამ ეს მათ შორის ერთადერთი მსგავსება არ არის. თორნიკე ძმასავით მარცხენა გარემარბია და ტექნიკური არსენალით ძალიან ჰგავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთი ფეხზე აქვს მიწებებული და მისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით მიიწევს წინ. ამის შემდეგ ის უცებ ამუხრუჭებს და ასე ჭრის გზას კარისკენ.

უმცროსი კვარაცხელიას სითამამის გამოვლინება ვიხილეთ თბილისის “იბერია 1999-თან” (საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი) შეხვედრაში. ის მინდორზე მაშინ შევიდა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, როცა თამაშის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ამ დროის განმავლობაში ის ათჯერ შეეხო ბურთს, გააკეთა 3 პასი და ჰქონდა და ამდენივე დრიბლინგი. ჰქონდა გოლის გატანის შანსიც.

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ თორნიკეს ასაკში ხვიჩასაც “ბაიერნი” აკვირდებოდა. უბრალოდ, სრულწლოვანებამდე მიუნხენელებს მისი დამატება არ შეეძლოთ. ეს იმიტომ, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი. მაშინ მოსკოვის “ლოკომოტივიდან” ფეხბურთელი უკვე აყვანილი ჰყავდა ყაზანის “რუბინს”.

თორნიკეს შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა “ბაიერნისთვის”, რაც ხვიჩას დროს იყო. ამიტომ მოუწევთ მიუნხენელებს ლოდინი 2028 წლის თებერვლამდე. მთავარია, მეორე კვარაცხელია უკვე “აქ” არის. იქამდე კი მას მსურველების მთელი რიგი დაუდგება”, – წერს “მარკა”.

lelo.ge

მსგავსი ამბები