ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდებმა 9 გოლი გაიტანეს და 4-5 კიდევ უნდა გაეტანათ. შეტევით გამორჩეულმა გუნდებმა ისეთი შეუტიეს, მტერს და ავს. თუმცა გულშემატკივარმა ნაღდად ისიამოვნა და ეს ფეხბურთი დიდხანს გაჰყვება.
9 გოლი ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა, ასევე პირველად გაიყტანეს 5 გოლი პირველ ტაიმში.
მთავარი ტურნირის მთავარი მატჩის ერთ-ერთი მთავარი კაცი (თუ მთავარი არა) რომ ქართველია, ეგ როგორი ამბავია. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ფეერული თამაში შემოგვთავაზა: შეასრულა დუბლი და პსჟ-ს გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
თავიდან, როდესაც „ბაიერნმა“ აშკარა უპირტაესობა მოიპოვა, გოლიც გაიტანა და კიდევ გასატანად გარბოდა, სწორედ მაშინ იყოჩაღა ხვიჩამ და მატჩის ჩარხი მოაბრუნა, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა – მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა, საჯარიმოში შევიდა, იქ მოატყუა, მარჯვენა ფეხზე გადაიტანა, შორეულ დაბალ კუთხეში ბილიარდივით ჩასვა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული კონტრშეტევისას საჯარიმოს შუაში პარიზელებმა ვერ დარტყეს თუ გაატარეს ბურთი და მარცხნიდან შევარდნილმა კვარამ ერთი შეხებით ისეთი წყვიტა, ნოიერი არც განძრეულა.
კიდევ ერთი საგოლე შეტევა კი ხვიჩამ საკუთარი საჯარიმოდან წამოიწყო, მარჯვენა მხარეს შორეული პასი გადაუგდო დუეს და მეხუთე გოლის პრეასისტი გამოუვიდა.
მოკლედ, ჩვენიანი ძალიან სასარგებლო იყო. მუდმივად წნეხში ჰყავდა მეურვეები, რადგან ერთი კაცი მის გასანეიტრალებლად ცოტა იყო. 84-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 8.5; Sofascore – 8.4 (საუკეთესო პსჟ-ში); Whoscored – 9.2 (საუკეთესო ორივე გუნდში).
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დემბელე დაასახელეს, რომელმაც პირველ ტაიმში საოცარი მომენტი გააფუჭა და მიკერძოების გარეშე კვარას ნამდვილად იმსახურებდა კიდევ ერთხელ გამდარიყო მატჩის MVP.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩი
პსჟ – ბაიერნი 5:4
0:1 კეინი (17-პენ), 1:1 კვარაცხელია (24. დუეს პასით), 2:1 ნევეში (33. დემბელეს პასით), 2:2 ოლისე (41. პავლოვიჩის პასით), 3:2 დემბელე (45+5-პენ), 4:2 კვარაცხელია (56. ჰაკიმის პასით), 5:2 დემბელე (58. დუეს პასით), 5:3 უპამეკანო (65. კიმიხის პასით), 5:4 ლუის დიასი (68. კეინის პასით)
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (84. ერნანდესი) – ზაირ-ემერი (64. ფაბიან რუისი), ნევეში, ვიტინია – დუე (70. ბარკოლა), კვარაცხელია (84. მაიულუ), დემბელე
ბაიერნი: ნოიერი – სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, დევისი (46. ლაიმერი) – კიმიხი, პავლოვიჩი (90+3. ჯექსონი) – ოლისე, მუსიალა (79. გორეტცკა), ლუის დიასი – კეინი
პსჟ-მ დიდწილად ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც ალბათ მიუნხენში ვნახავთ: მეტოქე კონტრშეტევებზე დატანჯა და გამოიჭირა. ეს არის ფრანგული გრანდის კოზირი და ერთბურთიანი უპირატესობა „ბაიერნთან“ რომ ბევრს არაფერს ნიშნავს, ამას ლაპარაკიც არ უნდა.
იმედია 6 მაისს მიუნხენშიც მსგავსი ფეხბურთი გაგრძელდება: დრამა, თრილერი, გოლები, საგოლე და გაფუჭებული მომენტებო, ინდივიდუალური გაბრწყინებები, მაღალი ტემპი და ლამაზი ნაღდი იშვიათი ფეხბურთი…
