გადრანმა და ბერიაშვილმა კარგად ითამაშეს, გოჩოლეიშვილმა და ლომინაძემ შეცვლაზე – ლეგიონერები

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის 29-ე ტურში სტუმრად „შტუტგარტთან“ ულაპარაკოდ დამარცხდა – 0:4. ქართველი მცველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: Sofascore – 6.4 , Flashscore – 6.4, Whoscored – 5.9.
შტუტგარტი – ჰამბურგი 4:0
გოლები: 1:0 შტილერი (21), 2:0 ფიურიხი (32), 3:0 მიტელშტედტი (56), 4:0 ელ ხანუსი (86)
გამოუყენებელი პენალტი: უნდავი (82, შტუტგარტი)
„ჰამბურგი“ 31 ქულით მე-12 ადგილზეა და 18 აპრილს ბრემენში „ვერდერს“ შეხვდება.

ისრაელის ჩემპიონატში, „ბეითარმა“ გასვლაზე „ჰაპოელს“ 2:0 მოუგო. ლუკა გადრანმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასება მიიღო – 7.8 ქულა.

ილია ბერიაშვილმა 90 წუთი ითამაშა ბუდაპეშტის მტკ-ში, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის საშინაო შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი „ზალაეგერშეგი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 7.3 ქულა დაიმსახურა.

პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ საკუთარ მოედანზე „პორტოსთან“ დამარცხდა – 1:3.
ქართველი მცველი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მასპინძლებმა გოლი ჩვენიანის წამოწყებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს.
შეფასებები: sofascore – 6.5, Flashscore – 6.4, whoscored – 6.2.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანი“ ტრნავას „სპარტაკს“ 2:2 ეთამაშა.
გურამ კაშია სათადარიგო იყო, სტუმრებში გიორგი მოისწრაფიშვილი ასევე თადარიგში დარჩა. ხოლო ლუკა ხორხელი 73-ე წუთზე შევიდა და „სპარტაკი“ 2:1 დააწინაურა. ეს მისი მესამე გოლია სეზონში.

მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში „პარდუბიცეს“ შემადგენლობაში წარმატებული მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს ოლომოუცის „სიგმას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მეკარემ მე-7 წუთზე პენალტი მოიგერია. მან გუნდი სამჯერ გადაარჩია და 6.8 ქულა დაიმსახურა.
ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში სულ 9 მატჩი ჩაატარა და პენალტი მეორედ მოიგერია.

მსგავსი ამბები