„რეალმა“ და „ბაიერნმა“ ნაღდი ფეხბურთი შემოგვთავაზეს. ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალი მადრიდში გამოვიდა ისეთი, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი: ორმხრივი შეტევები, სახიფათო მომენტები, ტემპი, დაძაბულობა, ინდივიდუალური გაბრწყინებები, გოლები… აი გოლები მეტიც შეიძლება ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო კიდეც, მაგრამ რამდენჯერმე აშკარა შანსი გაანიავეს.
ჯამში მეტად გაუმართლა „ბაიერნს“ და ვერაფრით ვიტყვით დაუმსახურებლადო. მაგრად ითამაშა გერმანულმა გრანდმა, თანაც ძალიან კარგ „რეალთან“ (ამ ეტაპზე რა გუნდიცაა იმასთან შედარებით): მოახერხა პრესინგი, ბურთის ამოტანა, თავის დაცვაც, თამაშის სადავეების ხელში აღებაც (რა თქმა უნდა, მთელი მატჩი არა), ბლომად შანსების შექმნაც და მოიგო კიდეც.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია. ფავორიტად „ბაიერნი“ დარჩება, მაგრამ ჩამორჩენა მხოლოდ ერთი გოლია და ნებისმიერი სცენარი შეიძლება დაჯდეს.
მეორე შეხვედრაში ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ რომ მიდიოდა, თუმცა უკეთესმა „არსენალმა“ სულ ბოლოს მაინც გატეხა გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ და ლონდონში ჰანდიკაპით დაუხვდება მეტოქეს.
და კიდევ: ცალკე უნდა აღინიშნოს მეკარეების თამაში. ნოიერმა სასწაულები აკეთა და ლისაბონში შესანშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა რაიამაც. ამიტომაც დაასახელა უეფამ ორივე გოლკიპერი საუკეთესო მოთამაშედ.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები
რეალი – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლუის დიასი (41. გნაბრის პასით), 0:2 კეინი (46. ოლისეს პასით), 1:2 მბაპე (74. ალექსანდერ-არნოლდის პასით)
რეალი: ლუნინი – ალექსანდერ-არნოლდი, რიუდიგერი, ჰუისენი (62. მილიტაო), კარერასი – ვალვერდე, პიტარჩი (62. ბელინგემი), ჩუამენი, გიულერი (71. ბრაჰიმ დიასი) – მბაპე, ვინისიუში
ბაიერნი: ნოიერი – სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი (69. დევისი) – პავლოვიჩი (90+3. გორეტცკა), კიმიხი – ოლისე, გნაბრი (69. მუსიალა), ლუის დიასი (90+3. ბიშოფი) – კეინი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მანუელ ნოიერი
„ბაიერნმა“ 14 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა „რეალი“ – იყო 7 წაგება და 2 ფრე.
„რეალმა“ და „ბაიერნმა“ 39 დარტყმა განახორციელეს, 20:19 მადრიდის სასარგებლოდ, კარში დარტყმები – 9:6.
ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ოთხ მატჩში მოახერხა “რეალის” კარშიგოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება (2 გოლი, 2 პასი). ეს არის ყველაზე გრძელი სერია “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ტურნირის ისტორიაში. ასეთივე 4-მატჩიანი სერია ჰქონდათ ჯოვანი ელბერს (“ბაიერნი”) 2002 წელს და პიერ-ემერიკ ობამეიანგს (“დორტმუნდი”) 2017-ში.
ნოიერმა „ბაიერნის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 136-ე მატჩი ჩაატარა, ომდენივე, რამდენიც მესიმ „ბარსელონაში“. მხოლოდ კასილიასს აქვს უფრო მეტი შეხვედრა – „რეალის“ რიგებში 149 მატჩი.
მბაპეს ამ სეზონში „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 45 შედეგიანი მოქმედება დააგროვა – 39 გოლი, 6 ასისტი.
მბაპეს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გოლების რეკორდს სამი გოლით აშორებს. კრიშტიანომ 2013/14 წლების სეზონში 17 გოლი გაიტანა. კილიანს 14 გოლი აქვს.
არბელოა: „რეალს ძლიერი ხასიათის მოთამაშეები ჰყავს და პირველი, რაც გასახდელში თქვეს, იყო: „მიუნხენში გავიმარჯვებთ”.
კომპანი: „ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ ვერ შეძლებს “ბაიერნი” ისევ გამარჯვებას, მაგრამ “რეალს” წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელები ჰყავს. ამ გუნდს შეუძლია რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება, მაგრამ ჩვენც“.





სპორტინგი – არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ჰავერტცი (90+1. მარტინელის პასით)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ რაია
დეკლან რაისმა “სპორტინგთან” მატჩში ბურთი 13-ჯერ დაიბრუნა – ეს არის ზოგადად “არსენალის” ნახევარმცველის საუკეთესო მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე 2013 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რაისის დღევანდელმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, “ბაიერნის” წინააღმდეგ ასევე 13-ჯერ დაიბრუნა ბურთი.
კაი ჰავერტცის გამარჯვების გოლი გაბრიელ მარტინელის პასით – მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” მეოთხე ისეთი გოლია, რომელიც შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ გაიტანა ასევე შეცვლაზე შესული სხვა ფეხბურთელის პასით. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში ერთი გუნდისთვის ერთ სეზონში.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის მასშტაბით, “არსენალის” შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა 38 გოლში მიიღეს მონაწილეობა (24 გოლი, 14 პასი). ეს ევროპის ტოპ-5 ლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.
16 წლის დუმანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. „არსენალის“ ნახევარმცველმა იამალის რეკორდი მოხსნა.



