სულ სხვა ზურიკო… ის უკვე ძალიან კარგი თავდამსხმელია: დავითაშვილი ახლა უფრო ეფექტურად დარბის

რა მოხდა დავითაშვილისთვის ჰორნელანდის შემდეგ, რომელიც მონტანიემ შეცვალა?”, – ამ სათაურით გამოცემა Le Progrès-მა წერილი გამოაქვეყნა “სენტ ეტიენის” ლიდერ ზურიკო დავითაშვილზე და თან მისი კომენტარიც დაურთო.

…”ზურიკო დავითაშვილი სრულად იღებს თავის როლს “სენტ ეტიენის” დაწინაურებისთვის ბრძოლაში. ამ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ქართველი “ვინგერი”, ერთიანი გუნდის ნაწილია და “მწვანეების” გაზრდილ ეფექტურობას განასახიერებს.

“ეს კარგი სეზონია ჩემთვის და გუნდისთვის. მეორე ადგილზე ვართ და ლიდერ “ტრუას” მხოლოდ ქულით ჩამოვრჩებით”, – ამბობს ქართველი შემტევი.

25 წლის დავითაშვილი კარიერის ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს. 13 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მოთამაშემ. ლუკას სტასენთან ერთად, რომელმაც ასევე 10-ზე მეტი გოლი გაიტანა, მან “სენტ ეტიენში” უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალეფექტური შემტევი დუეტი შექმნა.

გარდა სტატისტიკისა, დავითაშვილის სტაბილურობაც გასაოცარია. მას ზედიზედ ორ მატჩზე მეტი არ ჩაუტარებია, თამაშში მთავარი როლი რომ არ ეთამაშა. დავითაშვილის გავლენა ახლა მეგოლის ფარგლებს სცილდება. ფილიპ მონტანიე ხაზს უსვამს მის მრავალფეროვნებას: “ის უკვე ძალიან კარგი თავდამსხმელია, რომელიც მრავალფეროვნად თამაშობს”.

მწვრთნელი ხაზს უსვამს მის უნარს, გავლენა მოახდინოს თამაშზე მნიშვნელოვან მომენტებში. მაგალითად, შეიძლება, მოვიყვანოთ “დიუნკერკთან” მატჩი, სადაც ზურიკოს გოლმა თამაში შემოატრიალა. ლიგაში ერთ-ერთმა საუკეთესომ კარში დარტყმებით და მოედნის ბოლო მესამედში ზუსტი პასებით, თავი დაიმკვიდრა, როგორც შეტევის საკვანძო მოთამაშემ.

ის ყოველდღიური მუშაობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას: “რა თქმა უნდა, კარგად ვურტყამ, რადგან ამაზე ყოველი ვარჯიშის ბოლოს ვმუშაობ”. ეს ტექნიკური პროგრესი, გონებრივ განვითარებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადამწყვეტ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

“სენტ ეტიენის” მწვრთნელად ფილიპ მონტანიეს დანიშვნამ დავითაშვილისთვის ბევრი რამ შეცვალა. მისი აზრით, ახლა გუნდი უფრო გონივრულად თამაშობს და ნაკლებად ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ეირიკ ჰორნელანდის დროს:

“არ ვიტყოდი, რომ ნაკლებს დავრბივარ, მაგრამ ახლა ამას უფრო ეფექტურად ვაკეთებ”, – განმარტავს ზურიკო. ეს სტრუქტურა მას მეტ შესაძლებლობას უხსნის, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, სადაც ბენ ოლდთან მისი ურთიერთქმედება უფრო მოქნილი გახდა.

“ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გახდა, “სენტ ეტიენის” ფეხბურთელების შეთამაშება კვირიდან კვირამდე უკეთესი ხდება, ხოლო შეტევის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდა”, – ამბობს ქართველი “ვინგერი”.

მასზე მონტანიეც ადასტურებს: “ის ყოველთვის მონდომებულია, მისი თავდადება კი – წარმოუდგენელი”.

დავითაშვილი კი არ მალავს თავის ამბიციებს: “ყოველ სეზონში, ვაუმჯობესებ დეტალებს”.

25 აპრილს ლიგა 2-ის ლიდერ “ტრუასთან” მატჩში, ქართველის როლი შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. “სენტ ეტიენი” დაწინაურებისთვის იბრძვის და მათი მარცხენა ფლანგელი, როგორც ჩანს, მზადაა, გუნდში მთავარი როლი ბოლომდე ითამაშოს”, – წერს გამოცემა.

lelo.ge

მსგავსი ამბები