საქართველოს ნაკრებმა ივნისის მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო, ბაჰრეინი დაამარცხა – 2:0.
ეს გამარჯვება მეორე ტაიმში მოვიდა, როდესაც ჩვენმა გუნდმა ცოტა ტემპს მოუმატა, უფრო ხეირიანად შეუტია და განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმარტივდა თამაში, რაც ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ მეტი სივრცე გამოჩნდა და მეტოქის კართან ხიფათმაც იმატა.
საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე სახელით არ ბრდღვინავს, მაინც სასარგებლოა ასეთი თამაშები. სტუმრები კომპაქტურ დაცვას თამაშობდნენ, წინ ღრმა პრესინგსაც მიმართავდნენ და ეს კი მშვენიერი სპარინგია. ვვარჯიშობთ დაცვიდან ამოსვლაში, ბურთის ამოტანაში, საკუთარი საჯარიმოდან ხიფათის გაუვნებელყოფაში და მეორეს მხრივ, მჭიდრო დაცვასთან თამაშში: არის ნაკლები სივრცე და უნდა ეცადო იპოვო ხვრელი, გაექცე მეურვეს, გაეთავისუფლო პარტნიორს, სცადო შორიდან დარტყმა და ა.შ. უამრავი ნიუანსია.
პირველ ტაიმში ბევრი არაფერი გამოვიდა. მეტიც, თვით კვარაცხელიაც კი ასე თუ ისე საიმედოდ ამოკეტეს, დიდად გასაქანს არ აძლევდნენ ფეხბურთელს, რომელიც ვინც მოედანზე იყო, ყველას ერთად აღებულს სჯობს. კი ვცადეთ ერთი-ორჯერ დარტყმა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არაფერი.
მეორე ნახევარი კი ბევრად უკეთესი გამოვიდა. ფლანგები გააქტიურდნენ, ხვიჩა ყველგან იყო, უფრო შუაში, შედარებით თამამად შევუტიეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ.
კიტეიშვილის მარჯვნიდან ჩაწოდებულზე ლოჩოშვილი შევარდა საჯარიმოში, მცველს დაასწრო და კუთხეში გადაგზავნა ბურთი.
მეორე გოლზე კი ახალშემოსული კვერნაძე ხვიჩას ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და კამათგამოწვეული პენალტი მოიპოვა. კვარამ ჯერ მეკარე გადაახტუნა ერთ მხარეს და მერე დაურტყა მეორე კუთხეში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და მერე მატჩის დროსაც ბევრი ცვლილება გააკეთა.
იმედია სექტემბრის მატჩებისთვის ჩამოყალიბდება და ზუსტად განსაზღვრავს ვინ უნდა ათამაშოს და რომელ პოზიციაზე. შემადგენლობაში ცვლილებები ალბათ იქნება (ბოლო-ბოლო ახლა მიქაუტაძე და დავითაშვილი არ ყოფილან), მთავარია ყველა იყოს ჯანმრთელად და მოწინააღმდეგეების შესაბამისად ტაქტიკა და შესრულება ათიანში მოვარტყათ, თორემ მონდომება და გულშემატკივრის მხარდაჭერა რომ იქნება, ეგ დანამდვილებით ვიცით.
საქართველო – ბაჰრეინი 2:0
05.06. თბილისი. მიხეილ მესხი
1:0 ლოჩოშვილი (52. კიტეიშვილის პასით), 2:0 კვარაცხელია (77-პენ)
საქართველო: გუგეშაშვილი (81. კერესელიძე) – ბერიაშვილი (81. გელაშვილი), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ხარებაშვილი (46. აზაროვი) – ეგოიანი (71. კვერნაძე), კიტეიშვილი (71. ნ. გაგნიძე), ქოჩორაშვილი (71. მექვაბიშვილი) – ლობჟანიძე (81. გ. მამაგეიშვილი), კვარაცხელია, ქვილითაია (46. ზივზივაძე)
გაფრთხილება: საბერი (18), ბერიაშვილი (25), ალ რომაი (25), აბდულჯაბარი (75), ალ ხალასი (76), რაბეა (77)

