ნაკრები გუნდების მატჩების წინ, მოგეხსენებათ, სრულდება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.
ეს ტრადიცია ბუნებრივია შენარჩუნდება, მაგრამ ფიფა წესს ცვლის და ჰიმნები სხვაგვარად გაჟღერდება.
თუ აქამდე ჰიმნების დროს მოედანზე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეები იყვნენ, მუნდიალზე ასე აღარ იქნება: მოედანზე გავა ყველა, 26-ვე ფეხბურთელი.
ამასთან, გუნდები ერთმანეთის გვერდით კი არ განლაგდებიან, არამედ მოედნის ცენტრში წრეს შეკრავენ.
მატჩის წინა გუნდური ფოტოების გადაღების დროს კი კვლავ მხოლოდ ძირითადი შემადგენლობა დარჩება.
ჰიმნის შესრულების დროს სათადარიგოების ჩართვის მოტივაცია ის გახლავთ, რომ ყველამ გამოსცადოს სიამაყისა და ემოციების შეგრძნება.
უცვლელი რჩება ის, რომ მოედანზე შესვლისას ფეხბურთელებს კვლავ ბავშვები გაჰყვებიან, ხოლო მატჩის წინა ცერემონიას ვიზუალური ელემენტები დაემატება: ბანერი, პატარა დროშები და ფიფას ლოგო.
მსოფლიოს ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისს იწყება.
