7 მარტს ქალაქ გორის სპორტის სასახლეში, ახალი ქართული MMA ორგანიზაცია, GCL (Georgian Combat League) პირველ ღონისძიებას გამართავს.
ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვალერი კოღუაშვილის თქმით, GCL-ის მთავარი მიზანი სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, ლიგის განვითარება და ფართო ასპარეზზე გასვლაა.
“ეს სპორტი საქართველოში ძალიან განვითარებულია, შესაბამისად მოთხოვნაც დიდია. საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რაც ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გრანდიოზულია”
მისი თქმით, ლიგის მისიაა აღმოაჩინოს ახალგაზრდები ყველა რეგიონში და მისცეს საშუალება საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ.
“GCL გვინდა ძალიან დიდი ორგანიზაცია გახდეს, სახელმწიფოს, კოლექტივის და მებრძოლების ხელშეწყობით. ამბიცია გვაქვს, რომ ღონისძიებების სერია მომდევნო წლებში გაგრძელდეს”
ავტორადიოსთან საუბრისას, GCL-ის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ორგანიზაციის განსხვავება, სხვა ლოკალური ორგანიზაციებისგან, არის რეგიონების მოვლა და ღონისძიების ადგილობრივ სპორტსმენებთან და საზოგადოებასთან ჩატანა. მისი თქმით, საქმე კონკურენციაში არ არის. საქმე თანამშრომლობაშია.
“მოვივლით შვიდ რეგიონს, ესეც მარტო იმიტომ რომ დროში ვერ ვეტევით. მოთხოვნა დიდია, შესაბამისად მომავალ წელს უფრო მეტ ადგილს ეწვევა GCL”
გორი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, მარნეული, რუსთავი, თელავი და თბილისი – ეს ის ქალაქებია, რომელსაც GCL 2026 წლის სეზონზე ეწვევა.
შვიდი რეგიონის შემდეგ, ორგანიზაცია წლის ბოლოს გრანდიოზულ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართავს, სადაც უცხოელი სპორტული აგენტები ჩამოვლენ, რათა წარჩინებულ სპორტსმენებს დააკვირდნენ და მსოფლიო დონის ორგანიზაციებისკენ გაუკვალონ გზა.
ავტორადიოსთან ისაუბრა ლეგენდარულმა ქართველმა მებრძოლმა, შოთა ბეთლემიძემ. ის GCL-ის 7 მარტის ღონისძიებაზე, მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას.
“ჩემი კონკურენტი ჩამოდის რევანშისთვის. მე ის დავამარცხე ადრე და ახლა მიწვევს მეორე ბრძოლისთვის. მას მოგებული აქვს ბრძოლა სპორტსმენთან, ვინც საქართველოში ორი ქართველი მძიმენწონოსანი დაამარცხა.”
“ხალხის სიყვარული და გვერდში დგომა მაძლევს მოტივაციას რომ კიდევ ვიბრძოლო”.




შვიდ მარტს, გორის სპორტის სასახლეში, GCL 1-ზე მაყურებლისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.
