არ დაზოგოთ ფული კვარაში: არსენალს ხვიჩა ძალიან უნდა, მაგრამ აქვს კი შანსი?!

ხვიჩა კვარაცხელიას „არსენალში” გადასვლაზე საუბარი არ წყდება. სულ უფრო მეტი სტატია ჩნდება ბრიტანულ პრესაში. ერთბაშად სამმა გამოცემამ დაწერა ჩვენიანის ლონდონურ პერსპექტივაზე.

დეილი მეილი:
„სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კვარაცხელიას არაერთ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის, ყველაზე ხშირად ლონდონის „არსენალს”. გუნდი ზაფხულში გაძლიერებას აპირებს და ფლანგის მცველი და გარემარბი სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ კვარაცხელიაა. მის შეძენას ბევრი არარეალურად მიიჩნევს, რადგან პსჟ-ს არ სურს ფეხბურთელთან განშორება. ამ ეტაპზე „არსენალს” არ დაუმყარებია ოფიციალური კონტაქტი ფრანგულ კლუბთან“.

სქაი სპორტი:
„არსენალი” არკვევს რამდენად შესაძლებელი იქნება კვარაცხელიას ზაფხულში გადაყვანა, რაც უაღრესად რთული იქნება. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელის წარმომადგენლები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, რაც „არსენალის” შანსია. ლონდონურ კლუბს დასკვნით ფაზაში მეტი კრეატივი და ინდივიდუალურობა უნდა. კვარაცხელიას იმიჯი ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან” შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ კიდევ განმტკიცდა“.

ინდეპენდენტი:
„ზაფხულში „არსენალი” შემადგენლობის განახლებას აპირებს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვარაცხელიას გადაბირებაა. თუმცა, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. ქართველი შესანიშნავად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. ფინანსური ბალანსის დასაცავად „არსენალი” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გაყიდვასაც განიხილავს“.

„არსენალში” ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა იტალიელმა ნიკოლა სკირამ ისაუბრა. ისიც ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის პარიზიდან წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან პსჟ-ში მას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ.
რამდენიმე დღის წინ მსგავი ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაწერა.

ჟურნალისტმა და „არსენალის“ გულშემატკივარმა პირს მორგანმა, სოციალური ქსელით ლონდონურ კლუბს მოუწოდა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, კვარაცხელია შეიძინონ:

„არსენალი“ კვარას დამატებას ცდილობს. არ დაზოგო ფული, არტეტა! ის ბრწყინვალეა“.

ხვიჩას პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 90 მილიონი ევროა.

მსგავსი ამბები