„საფრანგეთში იტყვიან რაგბის სუნი ასდისო” – სწორედ ასეთი მორაგბეა დავით ნინიაშვილი. ბევრი ვარსკვლავი მინახავს რაგბში და გარკვეულწილად ყველას აქვს ეგოისტური მიდგომები. ნინიაშვილი ასეთი არაა. მუდმივად ცდილობს “ბურთი აცოცხლოს” და რაღაც შექმნას.”
“ფეხბურთი გაცილებით პოპულარული და მასობრივი სპორტია. სამწუხაროდ, რაგბს პოპულარიზაცია აკლია, თორემ დავით ნინიაშვილი უდიდესი მორაგბეა და სარაგბო საზომებით არაა კვარაცხელიაზე ნაკლები ვარსკვლავი. იმედია, ამას სწორედ გაიგებენ. ორივემ დიდი მუხტი შემოიტანა ქართულ სპორტში”
ამბოვს ლეგენდარული დავით ზირაქაშვილი ექსკლუზიურად FreeRugby-სთან ინტერვიუში.
„მეც ვთამაშობდი ნაკრებში და კარგად ვიცი, რა გამოცდილების მწვრთნელიც არ უნდა მოვიდეს, მთავარია ქართულ ხასიათს კარგად შეეწყოს და უყვარდეს საქართველო. საქართველოა და გარკვეული წნეხი მუდამ იყო და ალბათ კიდევ იქნება, ყველას სურს თავისი აზრის გატანა და ამასაც უნდა გაუმკლავდეს. პიერ-ანრი გამოცდილ მწვრთნელად ითვლება, მთავარია მას აცალონ საქმის კეთება. რაღაც “რევოლუციის” მოლოდინი რთულია გვქონდეს, მაგრამ ცვლილებებს ნამდვილად შემოიტანს.”
„რომ ვთქვა მსოფლიოს წინ განსაკუთრებული მოლოდინები უნდა გვქონდესო, ტყუილი იქნება. იტალია პრინციპული მეტოქეა და დღეის მონაცემებით აშკარა ფავორიტია, მაგრამ კონკრეტულად ერთი მატჩისთვის განწყობა ქართველებს სულ შეგვეძლო. 2015 წელს ტონგაც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ალბათ, ეს ჩვენთვის უკეთესიცაა, რადგან ე.წ. “Underdogs” -ს როლიდან თამაში უკეთესად გამოგვდის.”
„სანაკრებო ვერტიკალზე მეტად ბავშვთა რაგბს და მასობრიობას უნდა მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში, დიდად აქტიურად ნამდვილად ვერ ვაკვირდები, მაგრამ საქართველოში როცა ჩამოვდივარ ხანდახან ვესწრები, ვიგებ და რთული მდგომარეობაა. მწვრთნელთა გადამზადებად და პოპულარიზაციაზე მეტი უნდა ვიზრუნოთ. საფრანგეთში ბევრი ვეტერანი ქართველი მორაგბეა, რომლებმაც სამწვრთნელო კუთხით დიდი განათლება მიიღეს და ვფიქრობ, ეს ხალხი საქართველომ უნდა გამოიყენოს.”
„ვიქტორ კოლელიშვილის სახით ქართულმა რაგბიმ ძალიან მაგარი ტრანსფერი გააკეთა. ვიტომ ძალიან ღრმა ცოდნა შეიძინა რაგბიში და საოცრად პროფესიონალური მიდგომები აქვს. მოკლე დროში შედეგი რთული იქნება, მაგრამ გრძელვადიან პერპექტივაში ის მწვრთნელის რანგშიც იტყვის თავის სიტყვას.”
