ინგლისურმა Anfield Watch-მა (რომელიც “ლივერპულის” ამბებს გვიყვება) საინტერესო წერილი მიუძღვნა 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თემურ ქეცბაიამ თბილისის “დინამოს” პირველ გუნდში დააწინაურა და ბათუმური მატჩის განაცხადშიც შეიყვანა. არ გამოვრიცხავთ, თორნიკე რამდენიმე წუთით მოედანზეც ვიხილოთ.
რაც შეეხება ზემოხსნებულ წერილს, “ლივერპულს” მოუწოდებენ, დროულად იმოქმედოს უმცროს კვარაცხელიასთან დაკავშირებით და აღარ დაუშვას ის შეცდომა, რომელიც თავის დროზე ხვიჩასთან დაკავშირებით დაუშვა.
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში დაცვა “ლივერპულის” ყველაზე სუსტი რგოლი სულაც არ ყოფილა. კი, აქაც იყო პრობლემები, მაგრამ შეტევაში სუსტი თამაში მაინც უფრო მნიშვნელოვნად გვეჩვენება. გუნდს აკლდა კლასიკური გარემარბი. ფეხბურთელი, რომელიც რთულად პროგნოზირებადს გახდიდა “ლივერპულის” იერიშებს და შეძლებდა თუნდაც ერთი ფეხბურთელის მოტყუებას.
არადა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოადგებოდა ამ დროს “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას უნარები. ალბათ, მაიკლ ედვარდსი (“ლივერპულის” აღმასრულებელი დირექტორი) და რიჩარდ ჰიუზი (სპორტული დირექტორი) ძალიან ნანობენ, რომ 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო პაუზისას შეთავაზება არ გაუკეთეს ხვიჩა კვარაცხელიას.
მაშინ მათ ქართველი გარემარბის დამატება კი სურდათ, მაგრან დააგვიანეს. “ლივერპულს” დაასწრო “პარი სენ-ჟერმენმა” და კვარცხელიას ისეთი შეთავაზება გაუკეთა, რომელზეც უარის თქმა რთული იყო.
ასე რომ მომხდარიყო, დღეს ის “ლივერპულში” ითამაშებდა, იქნებოდა პრემიერლიგის ჩემპიონი და, შესაძლოა, “ლივერპულისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ჩემპიონთალიგური დაპირისპირება სხვა შედეგით დასრულებულიყო.
ეს უკვე წარსულია და ამ ამბავს აღარაფერი ეშველება, მაგრამ “ლივერპულს” შეუძლია, დაიმატოს 16 წლის თორნიკე კვარაცხელია, ხვიჩას უმცროსი ძმა. ის უკვე ვარჯიშობს თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობასთან ერთად და ძალიან ჰგავს ძმას სათამაშო სტილით.
უყვარს დრიბლინგი და მეტოქეების მოტყუება. ის დიდებულად იმორჩილებს ბურთს და როგორც მისი უფროსი ძმა, შეტევაში უდიდეს გავლენას ახდენს გუნდის თამაშზე. უფროსი კვარაცხელიას მსგავსად, მასაც ხშირად გააქვს გოლები.
ასაკის მიუხედავად, უმცროსი კვარაცხელია შესანიშნავია და შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ იდეალურ სატრანსფერო ლუკმად “ლივერპულისთვის”. კლუბს კი ედუარდსის წყალობით მთელს მსოფლიოში აქვს ქსელი. მაიკლ ედვარდსმა ვერ შეძლო ერთი კვარაცხელიას მოყვანა “ლივერპულში”, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, “ენფილდზე” მეორე კვარაცხელია გამოჩნდეს”, – წერენ ინგლისელები.
lelo.ge
