ლონდონის „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა. გუნდმა პრემიერლიგაში გამარჯვება მას შემდეგ გაინაღდა, რაც „სიტიმ“ 37-ე ტურის მატჩში „ბორნმუთს“ ვერ მოუგო – 1:1.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „არსენალი“ 82 ქულით პირველ ადგილზეა და „სიტის“ 4 ქულით ასწრებს.
ბოლოს ლონდონური კლუბი ინგლისის ჩემპიონი 2004 წელს იყო, როდესაც არსენ ვენგერის დაუმარცხებელმა გუნდმა ტიტული 25 აპრილს გაინაღდა.
მიკელ არტეტამ მოიგო თავისი პირველი საჩემპიონო ტიტული და მეოთხე ტროფეი სამწვრთნელო კარიერაში და ყველა „არსენალთან“ ერთად: 2019/20 წლების სეზონში FA თასი და ორჯერ Community Shield – 2020 და 2023 წლებში.
პრემიერლიგის ეს ტიტული არტეტასთვის პირველია როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგში: ყოფილმა ნახევარმცველმა „არსენალში“ ორჯერ მოიგო FA თასი და Community Shield.
44 წლისა და 54 დღის არტეტა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო. მხოლოდ ჟოზე მოურინიომ გაიმარჯვა უფრო ახალგაზრდულ ასაკში – 2004/05 – 42 წლის და 94 დღის, 2005/06 – 43 წლის და 93 დღის.
მიკელ არტეტამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.
ესპანელი გახდა პრემიერლიგის პირველი ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო. ის ინგლისში თამაშობდა „არსენალის“ (2011–2016) და „ევერტონის“ (2005–2011) რიგებში.
ესპანელი სპეციალისტი „არსენალს“ 2019 წლის დეკემბრიდან წვრთნის.
არტეტამ გუნდს მიმართა.
„ჩვენ კვლავ შევქმენით ისტორია – ერთად!
წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ და ვამაყობ ყველათი, ვინც ამ კლუბთან არის დაკავშირებული. მოდი, დავტკბეთ მომენტით, – თქვა არტეტამ „არსენალის“ მიერ ტიტულის მოგების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
პეპ გვარდიოლა: „ვულოცავ „არსენალს“ და არტეტას ტიტულს. ისინი ამას იმსახურებენ“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმაც მიულოცა „არსენალს“, რომელიც სწორედ ამ გუნდის გულშემატკივარია.
„22 გრძელი წელი არსენალისთვის“. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ იქ დავბრუნდით, სადაც ჩვენი ადგილია. ჩემპიონებო!“ – წერს სტარმერი.
„არსენალი“ პირველი ლონდონური კლუბია, რომელმაც ბოლო 9 სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
„არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგა მე-14-ედ მოიგო. „ლივერპულს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 20-20 ტროფეი აქვთ.
8059 დღე არ ყოფილა “არსენალი” ჩემპიონი. მრიცხველი განულდა!..
