მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟი აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ გახდა ცნობილი და ამაზე პირველმა არხმა განცხადებაც გაავრცელა, რომ უფლების გამოსყიდვას ცდილობდნენ.
Setanta Sports კი 2026 წლის მუნდიალის საქართველოში მაუწყებლობის უფლებას აანონსებს.
Setanta Sports ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს, მაყურებელს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სატელევიზიო არხებსა და OTT პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებს.
OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის მომხმარებლებს მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
„ეს ტურნირი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გამაერთიანებელი ღონისძიებაა, ჩვენთვის კი საამაყო და სასიხარულოა, ვიყოთ ასეთი სპორტული დღესასწაულის ნაწილი. Setanta Sports-ი ამ დიდი ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სპორტული მედიის ინდუსტრიაში წამყვანი აქტორია. ამასთან, თითოეული მატჩის რეპორტაჟს გამორჩეულ კომენტატორთა გუნდი გაუძღვება. Ამ მასშტაბის ტურნირის ტრანსლირება, ჩვენთვის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, მოუთმენლად ველით, როგორც ერთგულ მაყურებელთან, ასევე ახალ აუდიტორიასთან შეხვედრას, მით უმეტეს, რომ სრული პაკეტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი setantasports.com-ზე.“ – ამბობს Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩა მალაზონია.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს. გახსნის მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზეა.
