არის თუ არა კვარა მარადონას მერე საუკეთესო

ხვიჩა კვარაცხელია საოცარ ფორმაშია, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და ბევრის აზრით, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წელია.

პსჟ-სა და ბაიერნის მატჩის შემდეგ ნეაპოლში გაჩნდა ასეთი კითხვა: არის თუ არა, კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, დიეგო მარადონას შემდეგ. ცხადია, აქ საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ოდესმე ნაპოლიში უთამაშიათ, მარადონა კი რასაკვირველია ნაპოლიში ხელშეუხებელია – სხვა სიმაღლეზეა.

და, მარადონას შემდეგ ვინ არის საუკეთესო – აზრები იყოფა. აი, როგორ პასუხობენ ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელები და ჟურნალისტები შეკითხვას: მარადონას შემდეგ არის თუ არა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი:

ალესანდრო რენიკა (ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი): “ახლა ის ისეთ პროექტშია, რომელშიც თავს შესანიშნავად გრძნობს. ლუის ენრიკე ორკესტრის იდეალური დირიჟორია. მე ვიტყოდი, რომ არა, ბრუნო ჯორდანო ნამდვილად საოცარი იყო, წარმოუდგენელი ფეხბურთელი”.

პაოლო პაგანინი (Rai-ს ჟურნალისტი): “კვარას ნაპოლის ისტორიაში 3-4 ფეხბურთელს შორის შევიყვანდი, მაგრამ ასევე, ბრუნო ჯორდანოსაც. რა თქმა უნდა, კვარა საოცრად ნიჭიერია, მაგრამ მარადონას გარშემო არ ჰყავდა ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორიც ახლა კვარას პსჟ-ში ჰყავს”.

რაფაელე მინიანო (ჟურნალისტი): “კვარა ოქროს ბურთს იმსახურებს. არის თუ არა, მარადონას შემდეგ საუკეთესო [ნაპოლიში]? ეს არ ვიცი. საჭიროა ისიც შევაფასოთ, რა მოუტანა ნაპოლის, როცა გუნდში იყო. საუკეთესო ხუთეულში ალბათ შედის, მაგრამ მასზე წინ ჩემი აზრით, ჰამშიკია”.

მასიმილიანო ესპოზიტო (ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი): “ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ კი. პსჟ-ში ის თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. ნაპოლიში ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, ახლა უფრო მომწიფებულია, უფრო მეტად სრულყოფილი ფეხბურთელია, ნამდვილად ტოპმოთამაშე. ამ დონეზე მისაღწევად საჭიროა მუშაობა, მწვრთნელები, სტრუქტურა და ორგანიზაცია”.

ენრიკო ფედელე (ყოფილი საფეხბურთო აგენტი): “კვარაცხელია კარს ძალიან კარგად ხედავს. ის ძალიან გაუმჯობესდა, ასევე იმიტომ, რომ იქ [პსჟ-ში] არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთ საფეხბურთო ენაზე საუბრობენ. თუმცა, არა, მარადონას შემდეგ ჯორდანოს დავაყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ იგუაინი გამორჩეული იყო. ჯორდანო კარეკაზე უკეთესიც კი იყო”.

რაფაელე დი ფუსკო (ნაპოლის ყოფილი მეკარე): “ასევე გვყავდა სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები, როგორებიც მაგალითად კარეკა, იგუაინი იყვნენ… ვთქვათ, რომ კვარა ნაპოლის ისტორიაში საუკეთესოა თავის პოზიციაზე”.

სტეფანო იმპალომენი (ვეტერანი ფეხბურთელი): “მან ორი ‘სკუდეტო’ მოიგო. ვიტყოდი, რომ 3-4 ფეხბურთელს შორისაა. იგუაინი, კავანი, კარეკა – მათთან ერთად დავაყენებდი”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულიდან 2025 წლის იანვრამდე ითამაშა (107 მატჩი, 30 გოლი, 23 საგოლე პასი). მისი ლიდერობით ნაპოლიმ 2023 წელს იტალიის ჩემპიონატის 33-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მოიგო. 2025 წლის იანვარში კი იტალიურმა კლუბმა ის 70 მილიონ ევროდ პარი სენ-ჟერმენში გაყიდა.

betsson sport

მსგავსი ამბები