ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია, მთავარია ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ: ხვიჩა კაპიტნობით მადლიერია

საქართველოს ნაკრებს ახალი კაპიტანი ეყოლება. გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ეს პატივი ჩვენი გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.

საქართველოს კაპიტანი კვარაცხელია იქნება

კვარამ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:

„ეს ძალიან დიდი პატივი და დაფასებაა, ამასთან დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, რადგან თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა ვიყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია.

გუნდში არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ლიდერი გვყავს. კაპიტნის სამკლავური იმას არ ნიშნავს, რომ მოედანსა თუ გასახდელში სხვამ არ გამოავლინოს ლიდერის თვისება. მიხარია, რომ ერთიანები ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია, მთავარია, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ.

რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, ოთარ კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მიხარია, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გვეკადრება“.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანი სამჯერ უკვე იყო: 2025 წელს ესპანეთთან და თურქეთთან გასვლით მატჩებში და თბილისში ბულგარეთთან შეხვედრაში.

მსგავსი ამბები