დემეტრაშვილმა ოქრო მოიგო: ჯამში 6 მედლით საქართველო პირველზე გავიდა

საქართველოსთვის თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღე წარმატებული გამოდგა: 4 მედალი ავიღეთ – 2 ოქრო და 2 ბრინჯაო.

ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100) გახდნენ, მესამეზე კი ლუკა ჯავახიშვილი (90) და საბა ინანეიშვილი (+100) გავიდნენ.

დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.
23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მესამე ადგილზე გავიდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსი ზალატუხინი დაამარცხა

კიდევ ორმა წააგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა, თუმცა აქედან ერთი – აკაკი ჯაფარიძე თანაგუნდელ ჯავახიშვილთან დამარცხდა. მეხუთეზე ასევე გავიდა ნიკა ხარაზიშვილი (100).

წინა 2 დღის მონაგარი სულ 2 ბრინჯაო იყო. მედლები აიღეს 19 წლის თორნიკე გიგაურმა (66) და გიორგი ლოლაძემ (73).

საქართველოს ნაკრებმა საშინაო გრან პრი საბოლოოდ 6 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 4 – ბრინჯაო და მამაკაცებში საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი ამბები