დროა ზედიზედ მეორე ფინალში გავიდეთ, ვაჩვენოთ რა დონის გუნდი ვართ: როგორ ახსენდება ლუის ენრიკეს მიუნხენი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დღეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ურთულესი მატჩი აქვს: მიუნხენში „ბაიერნთან“ ისეთი შედეგი უნდა მოახერხოს, რომ ზედიზედ მეორედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მატჩის წინ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ლუის უნრიკე:

„ბაიერნთან’’ ბოლო ოთხი შეხვედრა მეტ-ნაკლებად ნორმალური გვქონდა, 5:4-ის გარდა. მიზანი ახლაც იგივე გვაქვს, რაც საშინაო მატჩში გვქონდა. ჩვენი მიზანი პირველი თამაშის შედეგის შენარჩუნება არ არის, მიზანი მოგებაა. ეს რთული გასაკეთებელია, მაგრამ მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით სტუმრად, საკუთარი თამაშით კმაყოფილები ვართ.

მწვრთნელები ვამბობთ ხოლმე, რომ პირველ და მეორე მატჩებს შორის განსხვავება ანგარიში ან სტადიონი იყო და არასდროს ვამბობთ, რომ მეტოქე გვჯობდა.

ვისაც აქამდე შევხვდით „ბაიერნი“ ყველაზე ძლიერია. პირველი შეხვედრის ანგარიში ყველასთვის გასაკვირი იყო. მართალია ჩვენ პირველი თამაში მოვიგეთ და მცირე უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციის კონტროლი, რაც რთული საქმეა, მაგრამ ზურგს გამოცდილება გვიმაგრებს. შარშან ურთულეს მომენტებში შევძელით თავის ხელში აყვანა.

კვლავ მაღალი დონის მატჩს ველოდები ევროპის ორი საუკეთესო გუნდის შესრულებით.

აქამდე კარგად მოვედით. დროა ზედიზედ მეორე ფინალში გავიდეთ. ვაჩვენოთ, რატომ ვართ აქ და რა დონის გუნდი ვართ სინამდვილეში.

მიუნხენი რასაკვირველია დიდებულ მოგონებებს აღძრავს. გვახსოვს შარშანდელი ფინალი. მეტიც, „ბარსელონას’’ მწვრთნელი რომ ვიყავი ნახევარფინალი მაშინაც „ბაიერნთან’’ გვქონდა და განმეორებითი შეხვედრა სწორედ მიუნხენში ჩავატარეთ. მაშინ ფინალში გავედით და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ.

როდესაც ასეთ შეხვედრებზე ვფიქრობ მახსენდება რაფაელ ნადალის ნათქვამი, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და როჯერ ფედერერთან შეხვედრა მისთვის მოტივაციაა. ის სწორედ ასეთ შეხვედრებში ხედავდა სრულყოფილების შესაძლებლობას. ჩვენ შევეცდებით დავძლიოთ „ალიანც არენას“ ატმოსფერო და ვაჯობოთ გუნდს, რომელიც საოცრად თამაშობს.

მსგავსი ამბები