გიორგი სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა: ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

სარდალაშვილმა ნახევარფინალში რთული ბრძოლა გადაიტანა აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაევთან, ვისთანაც თავიდან “იუკოთი” აგებდა, მაგრამ მერე მეტოქეს “ვაზარი” აართვა და 10:1 გაიმარჯვა.

სარდალაშვილის გარდა, ტურნირზე სამი ძიუდოისტი წარსდგა, თუმცა სხვა წონებში ადრეულ ეტაპზევე დავემშვიდობეთ ტურნირს. განსაკუთრებით საწყენია ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) მარცხი ხორვატ დანი პლაჩართან, ჩვენიანი შებოჭვით დამარცხდა.

17 აპრილს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს: კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).

მსგავსი ამბები