„ლივერპულის“ მწვრთნელმა ანე სლოტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში გარდასახული და უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ამ სეზონში. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ ამისათვის „წითლებს“ ტრანსფერებში გასულ წელთან შედარებით მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ.
OneFootball-ის ცნობით, „იუვენტუსი“ სულ უფრო მეტად დარწმუნებულია მეკარე ალისონის შეძენაში, ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი კი იტყობინება, რომ „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდება.
მერსისაიდულ კლუბს პსჟ-ს გარემარბის ბრედლი ბარკოლას დამატება სურს და სუპერვასკვლავს, როგორც მას უწოდებენ, ძალიან უნდა პრემიერლიგაში, კერძოდ „ლივერპულში“ თამაში. ის „პარი სენ ჟერმენში“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და კლუბის გამოცვლას აპირებს.
Rush The Kop: „ახალწვეულებმა ფლორიან ვირცმა და ალექსანდერ ისაკმა პირველ სეზონში იმედები ვერ გაამართლეს, ბევრი ფეხბურთელი და მათ შორის მოჰამედ სალაჰი მიდის. ამ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. ბრედლი ბარკოლას თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სავსებით შეუძლია შეტევას შემოქმედებითი ნაპერწკალი შემატოს, რაც გუნდს ასე არ ჰყოფნის. გულშემატკივრებს მარცხენა ფლანგზე რიო ნგუმოას იმედი აქვთ, თუმცა ის ჯერ კიდევ მოზარდია და განვითარება სჭირდება. ბარკოლა სექტემბერში 24 წლის გახდება, კარიერის გაფურჩქვნის ასაკში მხოლოდ ახლა შედის, „წითლების“ იერიშებს დინამიურობას და მრავალფეროვნებას შესძენს.
რაც შეეხება ალისონს, თავის ასაკში (33 წლისაა) სადღაც 15-20 მილიონი ღირს და მერსისაიდულმა კლუბმა შეიძლება მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღოს“.
Rousing The Kop: „ბრედლი ბარკოლას დამატებით „ლივერპულის“ შეტევა უფრო სწრაფი გახდება, რამეთუ ერთი ერთზე თამაშით მეტოქეთათვის სახიფათოა. სწორედ ეს აკლია ახლა გუნდს“.
sportall.ge
