ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ლონდონის „არსენალის“ ინტერესზე არაერთხელ დაიწერა. ლონდონური გრანდი აშკარად ძალიანაა დაინტერესებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის გადაბირებით. ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Independent.
“არსენალი” რომ თვალ-ყურს ადევნებს ქართველ ფეხბურთელს, ამაზე mirror-იც წერს.
“ინდეპენდენტის” სტატიაში აღნიშნულია, რომ ინგლისურ კლუბს ძალიან გაუჭირდება სურვილის ასრულება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გარემოცვა არ გაურბის მოლაპარაკებებს, მაგრამ პარიზული კლუბი ხვიჩას გაშვებას არ აპირებს და “მკაცრ პოზიციას დაიჭერს”.
წერია ისიც, რაც არც თუ დიდი ხნის წინ ფაბრიციო რომანომ თქვა, რომ კვარაცხელია პარიზში ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევა.
„არსენალი” აპირებს წინა ხაზის მოდერნიზებას, გაუშვებს რამდენიმე მოთამაშეს და აიყვანს ახლებს, თან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ფინანსური წესები არ დაარღვიოს.
ხვიჩას გარდა „არსენალს“ არგენტინელი ხულიან ალვარესიც უნდა, რომელიც „ატლეტიკოშია“ და მისი გადაბირებაც არანაკლებ რთული იქნება, მით უმეტეს, რომ მასში 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
