“კვარაცხელია სალაჰს შეცვლის”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა foot01 ავრცელებს და საინტერესო კომენტარსაც ქვეყნებს:
“ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, “ბაიერნის” წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის “ლივერპულის” ხელმძღვანელობას მოჰამედ სალაჰის შემცვლელად წარმოუდგენია. 2025 წლის ზამთარში “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ თავისი პოტენციალი რეალურად ახლა გამოავლინა.
შეიძლება ითქვას, ქართველი ფეხბურთელის გარეშე, პსჟ, სავარაუდოდ, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოცნებას ვერ აისრულებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ახალი” ხვიჩა კვარაცხელია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ლუის ენრიკეს გუნდში, რომელიც ზედიზედ მეორედ ცდილობს ლიგის მოგებას.
“ბაიერნთან” დუბლის შემსრულებენ “ნაპოლის” ყოფილ ფეხბურთელს ნებისმიერი დაცვის განადგურება შეუძლია. ბუნებრივია, მოჰამედ სალაჰის წასვლით, “ლივერპული” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე ოცნებობს. გუნდის ყოფილი ფეხბურთელი დენი მერფი თვლის, რომ მხოლოდ ქართველ “ვინგერს” შეუძლია გულშემატკივრებს ლეგენდარული ეგვიპტელი დაავიწყოს.
ლივერპულელთა ყოფილი ნახევარმცველის თქმით, “წითლების” ხელმძღვანელობა უნდა შეეცადოს, გაარკვიოს, ღიაა თუ არა “პარი სენ-ჟერმენი” მოლაპარაკებებისთვის და არის თუ არა პრემიერლიგა ქართველი “ვინგერისთვის” მიმზიდველი.
“როცა “ლივერპულს” ხარ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, საუკეთესო მოთამაშეებს უნდა ეძებდე. ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ამჟამად მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მარცხენა “ვინგერია”. შეძლებენ კი ისინი მის დარწმუნებას, რომ ჩვენთან გადმოვიდეს?
შესაძლოა, ვერა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში სურთ. მე მისნაირი მოთამაშის დამატებას შევეცდებოდი. შეიძლება, მან იმდენი გოლი ვერ გაიტანოს, რამდენიც მოჰამედ სალაჰმა, მაგრამ იმედებს არ გაგიცრუებს, რადგან მართლაც ძალიან კარგია”, – განუცხადა დენი მერფიმ AceOdds-ს.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და წელიწადში 11 მილიონი ევროს იღებს, სავარაუდოდ, დედაქალაქური კლუბის დატოვებას არ იჩქარებს. მას იქ კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს.
იმდენად, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ გამოეტოვებინა (რადგან საქართველომ კვალიფიკაცია ვერ გაიარა), პსჟ-ს ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” სერიოზული კანდიდატი იქნებოდა. რაც შეეხება პსჟ-ს, ცხადია, რომ ლუის ენრიკე კვარაცხელიას “ლივერპულში” ან სხვაგან წასვლას არ შეეგუება”, – წერს ინგლისური გამოცემა.
lelo.ge
