“კიკერმა” მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რჩეულთა შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნიურნბერგის” მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც “კაიზერსლაუტერნთან” გასული უქმეების საშინაო მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა. ის ამ სეზონში უკვე მესამედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ლოჩოშვილის შესანიშნავ თამაშს წერილი მიუძღვნა პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა “ბილდმა”:
“ცენტრალური მცველის პოზიციიდან ორი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, თამაშიდან გამოთიშა გერმანიის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებიფორვარდი მერგიმ ბერიშა და მინდორზე დატოვა უდიდესი ენერგია – თამამად შეიძლება ითქვას, რომ 27 წლის ლუკა ლოჩოშვილი “კაიზერსლაუტერნთან” შეხვედრის მთავარი გმირი გახლდათ. სწორედ ლოჩოშვილის შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ნოემბრის შემდეგ “ნიურნბერგმა” პირველად შეინახა კარი “მშრალად”.
რაც შეეხება შეტევაში არანაკლებ შესანიშნავ თამაშს, ეს ქართველი მცველისთვის ერთგვარი მოგზაურობა იყო თავის წარსულში. ლოჩოშვილმა, ვინც უკვე 4 გოლი შეაგდო მიმდინარე სეზონში, ღიმილით აღნიშნა:
“ახალგაზრდულ ასაკში ხშირად ვთამაშობდი ფორვარდად. ახლა ასე პროფესიულ დონეზე გამოვიდა. აქამდე, ერთ მატჩში ორი გოლი არასოდეს გამიტანია. უზომოდ ბედნიერი ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო მთელ გუნდს”, – ამბობს ლუკა.
გუნდში მცველების შეტევით აქტიურობებს ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით როდი ეგებება. “ნიურნბერგის” მთავარი მწვრთნელი, 47 წლის მიროსლავ კლოზე ამბობს:
“ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ ლუკა ლოჩოშვილის გამო. ეგ არის, რომ ხანდახან, როცა დრიბლინგს იწყებს, მირჩევნია, ბურთი პარტნიორს გადააწოდოს და თავის პოზიციაზე დარჩეს”.
კლოზე ამბობს, რომ ლოჩოშვილის წინააღმდეგ თამაში მისთვისაც არ იქნებოდა იოლი: “ისევ თავდამსხმელი რომ ვიყო, მის წინააღმდეგ თამაშს ნამდვილად არ ვისურვებდი. ლოჩოშვილი საოცრად არჩევს მომენტს როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. ის მუდამ სწორ მომენტში იყენებს ხელსა თუ სხეულს”, – ამბობს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
შეიძლება ითქვას, ლოჩოშვილის სათამაშო კლასი ბევრად აღემატება მეორე ბუნდესლიგის საშუალო დონეს. მას კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, თუმცა ინტერესი არის პირველი ბუნდესლიგის კლუბებიდან. ქართველი ტრანსფერს არ გამორიცხავს:
“ზუსტად არ ვიცი. მე მიყვარს კლუბის გულშემატკივრები და ყველა ის ადამიანი, ვინც აქ მუშაობს. “ნიურნბერგში” თავს ბედნიერად ვგრძნობ და კონცენტრირებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი გავაკეთო”, – ამბობს ის.

lelo.ge
