ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Givemesport-მა შეადგინა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 20 გამორჩეული მეკარის რეიტინგი. საქართველოს ნაკრებისა და “ლივერპულის” კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი ამ რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა.
რეიტინგის შედგენისას მხედველობაში იქნა მიღებული მეკარეების მიერ ჩატარებული “მშრალი” მატჩების რაოდენობა, გუნდისთვის მეკარის მნიშვნელობა, ფეხით თამაშის უნარი და დარტყმების მოგერიების მაჩვენებელი.
“ლივერპულს” ძალიან გაუმართლა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში მის კარს ალისონ ბეკერი იცავდა, თუმცა ასაკი ყველა ფეხბურთელს ეტყობა და გამონაკლისი არც ბრაზილიელია. ამაზე მიუთითებს ალისონის გახშირებული ტრავმები…
2024 წელს “ლივერპულმა” “ვალენსიიდან” გიორგი მამარდაშვილი შეიძინა. ერთი სეზონი გიორგიმ იჯარის წესით ისევ “ვალენსიაში” გაატარა და “ენფილდზე” წინა წლის ზაფხულიდან გამოჩნდა. ალისონის ტრავმამ მამარდაშვილს საშუალება მისცა, სათამაშო პრაქტიკა მიეღო.
მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპული” არ იყო ამ დროს შთამბეჭდავ ფორმაში, მამარდაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა და მიგვანიშნა, რომ კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს, თუ “ლივერპულის” უპირობო პირველი ნომერი გახდება”, – წერს გამოცემა.
Givemesport-ის მიერ დასახელებული საუკეთესო მეკარეთა სამეული ასეთია – დავიდ რაია (“არსენალი”), ალისონ ბეკერი (“ლივერპული”) და ჯანლუიჯი დონარუმა (“მანჩესტერ სიტი”). მათ გარდა ხუთეულში მოხვდნენ ჯორდან პიკფორდი (“ევერტონი”) და ემილიანო მარტინესი (“ასტონ ილა”).
lelo.ge
