მექსიკის არმიამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოკარტელის, „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიდერი, მეტსახელად „ელ მენჩო“ გაანადგურა.
მას შემდეგ მექსიკაში, განსაკუთრებით ხალისკოს შტატში, მასობრივი არეულობა დაიწყო, რაც ფეხბურთზეც აისახება. არადა, მექსიკა უკვე მარტში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს მასპინძლობს.
ორი აეროპორტი დაკეტილია და მატჩები გადაიდო.
სამხედრო ოპერაცია ხალისკოს დედაქალაქ გვადალახარადან, ორი საათის სავალზე ჩატარდა. იქ, სადაც 2010 წელს ნარკოკარტელი დაარსდა. 60 წლის ელ მენჩო საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაყვანისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კარტელის კიდევ ოთხი წევრი დაიღუპა, ორი მძიმედ დაიჭრა. დაშავდა სამი სამხედრო.
ელ მენჩოს მკვლელობაზე კარტელის რეაგირებამ ხალისკოში და სულ მცირე ოთხ სხვა შტატში მასობრივი არეულობა გამოიწვია. გავრცელდა ინფორამცია, ორმ მანქანებს ცეცხლს უკიდებენ, გზებს ბლოკავენ და ციხეებში ბუნტია. კურორტ პუერტო ვალიარტაზე კი კვამლი შენიშნეს.

პუერტო ვალიარტასა და გვადალახარას აეროპორტები დროებით დაიკეტა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მგზავრები შენობებში თავშესაფარს ეძებენ. გავრცელდა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ფოტოებიც, თუმცა ამას ხელისუფლება უარყოფს.
ხალისკოს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგიერთ რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, სკოლებში სწავლა გაუქმებულია და მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ ურჩევენ.
როგორ მოქმედებს ეს საშინელი მოვლენები ფეხბურთზე?
მექსიკის ლიგის მატჩი „კერეტაროსა“ და „ხუარესს“ შორის უსაფრთხოების მიზნით გადაიდო.
სამ დღეში მექსიკის ეროვნული ნაკრები იმავე სტადიონზე ისლანდიას უმასპინძლებს. თამაშის გაუქმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
ქალთა ლიგის კლასიკო „გვადალახარასა“ და „ამერიკას“ შორის გადაიდო.
მეორე დივიზიონსა და სხვა დაბალ ლიგებში კიდევ რამდენიმე მატჩი გადაიდო.
„ნეკახასა“ და „კერეტაროს“ შორის თამაში, რომელიც უკვე დაწყებული იყო, სტადიონთან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო შეჩერდა. ფეხბურთელებმა პანიკაში დატოვეს მოედანი, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდნენ და თამაში დაასრულეს.
მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატის 13 მატჩს უმასპინძლებს, მარტში კი იქ პლეი-ოფი გაიმართება.
უშუალოდ გვადალახარაში მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი თამაშია, მათ შორის მექსიკასა და სამხრეთ კორეას შორის (18 ივნისი) და ურუგვაი-ესპანეთი (26 ივნისი). მეხიკო და მონტერეი კიდევ ცხრა თამაშს უმასპინძლებენ, მათ შორის მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას გახსნით შეხვედრას.
ზაფხულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, გვადალახარა და მონტერეი მარტში რეპეტიციას გაივლიან: საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფებია სათამაშო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის. გვადალახარა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, იამაიკის და ახალი კალედონიის გუნდებს უმასპინძლებს, ხოლო მონტერეი – ერაყის, ბოლივიის და სურინამის ნაკრებებს.


სექტემბერში, ხალისკოს გუბერნატორმა პაბლო ლემუს ნავარომ ინტერვიუ მისცა გაზეთ „The Athletic“-ს, სადაც უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. მან დაარწმუნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხელისუფლება მთელი ქალაქის მასშტაბით ვიდეომეთვალყურეობის სისტემას დანერგავდა და ეროვნული გვარდია და მექსიკის არმია აქტიურად პატრულირებდა გვადალახარაში.
ახლა გუბერნატორის პრესმდივანი ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას: „ჩვენს ოფისს ფიფასგან არ მიუღია რაიმე შეტყობინება, რამაც უნდა შეგვაშინოს. ჩვენ სიტუაციის მონიტორინგზე ვართ ორიენტირებული“.
