საქართველოს ნაკრები წლის პირველ მატჩს ხვალ გამართავს, ამხანაგურად ისრაელს ეთამაშება (21:00 სთ). ჩვენი მეტოქე ბუნებრივია თბილისშია და დღეს მწვრთნელებს პრესკონფერენციაც უწევთ.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ისრაელის ჩემპიონატი შეჩერებულია, მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ შიმონმა კი ეროვნულ გუნდში შინაური ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს მაინც დაუძახა.
ნაკრებში პირველად ითამაშებს „ფეთაჰ თიკვას“ 23 წლის ფეხბურთელი იტაი როტმანი. ლეგიონერებიდან გუნდთან ერთად არიან კაპიტანი ელი დასა, დანიელ პერეცი, სტავ ლემკინი, ნიკიტა სტოიანოვი, ომრი განდელმანი, გაბი კანიკოვსკი, ანან ხალილი, ოსკარ გლუხი და ტაი ბარივო.
მეკარეები დანიელ პერეცი და ომრი გლეიზერი სავარაუდოდ თითო ტაიმს ითამაშებენ. მცველებიდან ძირითადში ანან ხალაილი, ელი დასა, ნიკიტა სტოინოვი, სტავ ლამკინი და როი რევივო იქნებიან. ალბათ ძირითადში დაიწყებენ ელიელ პერეცი, ოსკარ გლუხი, გაბი კანიკოვსკი, ტაი ბრივო და ომრი განდელმანი.
“არასდროს მინახავს ეროვნულ გუნდში თამაშის ასეთი სურვილი. ფეხბურთელებს ერთად ყოფნა სურთ და ეს დიდ ძალას გვაძლევს”, – თქვა ბენ შიმონმა შეკრების დაწყებისას.
თუმცა მისი მისამართით ბევრი კრიტიკაც ისმის.
„ის ცდილობს ვარდისფერი სათვალით შეხედოს ნაკრებში არსებულ, ძალიან სერიოზულ ვითარებას. არადა, იქ დიდი არეულობაა, გუნდი დაყოფილია”, – თქვა ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
