საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში ესპანეთი დაამარცხა – 42:30 – პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
უპირატესობას ბუნებრივია ბორჯღალოსნები ფლობდნენ. პირველ ტაიმში ჩვენებმა სამი ლელო დადეს, აბჟანდაძემ სამივე გარდასახა, რაზეც სტუმრებმა სამი საჯარიმოთი გვოპასუხეს და პირველი ტაიმი 21:9 მობიგეთ.
მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და ორი ლელო-გარდასახვით წინაც კი გავიდა. საქართველომ ცვლილებებს მიმართა, ამის შემდეგ გამოცოცხლდა და ყველაფერი ლოგიკურობისკენ წაიყვანა. ბაჩუკი ჭუმბაძის ლელო აბჟანდაძემ გარდასახა და ისევ გავედით წინ.
66-ე წუთზე აფრასიძესთან მაღალი ბოჭვის გამო მსაჯმა ესპანელ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ჩვენი მოთამაშე ტრავმის გამო გაიყვანეს.
მატკავამ ლელო დადო და თავადვე გარდასახა, რამდენიმე წუთში კი თაფლაძე დუბლი შეასრულა, მატკავამ გარდასახა. 75-ე წუთზე ივანიშვილმა წითელი ბარათი მიიღო, რითაც ესპანეთმა ისარგებლა და სხვაობა შეამცირა.
საქართველომ A ჯგუფში სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე ითამაშებს. ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება, ფინალი კი 15 მარტს მადრიდთან ახლოს, ლეგანესში ჩატარდება.

საქართველო – ესპანეთი 42:30
ლელო: კარკაძე, თაფლაძე (2), ნინიაშვილი, ჭუმბაძე, მატკავა
გარდასახვა: აბჟანდაძე (4), მატკავა (2)
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
