საქართველომ ჩვენზე სამჯერ მეტი გოლი გაიტანა: რას წერენ უნგრელები ჩვენზე

უნგრულმა გამოცემა Mandiner-მა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ სტატიას გამოაქვეყნა.

„ერთა ლიგის ახალ სეზონში უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. ახლოს გავიცნოთ მომავალი მოწინააღმდეგე მესამე კალათიდან.

წილისყრის შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის სერგეი რებროვმა არ დამალა, რომ ჯგუფში ქართველებთან მოხვედრა არ ესიამოვნა. ეს არც არის გასაკვირი. ერთა ლიგის წინა გათამაშებაში უკრაინამ საქართველოსთან პირველი მატჩი 1:0 მოიგო, მეორე შეხვედრა კი 1:1 დასრულდა, მაგრამ ქართველები ორივე შეხვედრაში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ.

საქართველომ B დივიზიონში დასარჩენად პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში 9:1 (3:0 სტუმრად, 6:1 შინ) სძლია სომხეთის ნაკრებს, რომელსაც უნგრეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2:0 და 1:0 მოუგო – ქართველებმა ორ მატჩში სამჯერ მეტი გოლი გაიტანეს.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, მესამე ადგილზე გასული უნგრეთი კი პლეიოფში ვერ მოხვდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო. მეოთხედფინალში „ჯვაროსნები“ მომავალ ევროპის ჩემპიონ ესპანეთთანაც იგებდნენ, რომელსაც მანამდე ტურნირზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

ფიფა-ს რეიტინგში უნგრეთი – 41-ე, ხოლო საქართველო 73-ე პოზიციას იკავებს და ამ მხრივ ჩვენს ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდად მოჩანს (ჩრდილოეთ ირლანდია 69-ეა, უკრაინა კი 30-ე ადგილზეა).

Transfermarkt-ზე საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება 202,98 მილიონი ევროა, უნგრეთისა კი – 183,55 მილიონი ევრო.

უნგრეთის ნაკრების მსგავსად, ქართველებსაც ჰყავთ მსოფლიო დონის ვარსკვლავი – 25 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ყველაფერი მოიგო და 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული, დომინიკ სობოსლაი კი – 85 მილიონად.

უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2001 წელს შეხვდნენ – მაშინ უნგრეთმა შინ 4:1 გაიმარჯვა, თბილისში კი 1:3 დამარცხდა.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები ერთა ლიგაზე 2 ოქტომბერს – ბუდაპეშტში, 14 ნოემბერს კი თბილისში ითამაშებენ“.

1tv.ge

მსგავსი ამბები