“ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა 25 წლის ბელგიელმა შემტევმა სირილ ნგონგემ, რომელიც ამჟამად იჯარით “ესპანიოლში” ბურთაობს L’Équipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
ირკვევა, რომ ჩვენებური და ბელგიელი “პარტენოპეიში” ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ახლო მეგობრები არიან. ნგონგე რამდენიმე დღის წინ პარიზში იმყოფებოდა, სადაც ხვიჩას ოჯახში დარჩა.
“2024 წელს ჩემი “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ მე და კვარაცხელია მალევე ახლო მეგობრები გავხდით. ხვიჩა ყოველდღიურად მესაუბრება საქართველოზე და მეუბნება, რომ მისი სამშობლო მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. მომავალ ზაფხულს საქართველოში 1 კვირით მივდივარ.
ვფიქრობ, გასულ სეზონში მან პსჟ-ის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ახალ ლიგაში, ახალ კლუბურ გარემოში მოხვედრა ადვილი არ არის. თავის მწვრთნელ ლუის ენრიკეს აღმერთებს, რომელიც ცდილობს მისი თვისებები ბოლომდე წარმოაჩინოს. კვარაცხელია ჯერ მხოლოდ ახლახანს გახდა 25 წლის და მომავალში მისგან უფრო ბევრს ვიხილავთ.
ხალხი მას კარგად არ იცნობს. ხვიჩა ნამდვილი სახლის ადამიანია. ის ოჯახზე ძალიანაა ორიენტირებული. სახლიდან ხშირად არ გადის. ვკითხე, სურდა თუ არა პარიზში დიდხანს დარჩენა, რაზეც გამიღიმა და მითხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.
ვხვდები, როდესაც მას რაიმე უხარია. კვარაცხელიასთვის ბოლო პერიოდი “ნაპოლიში” ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ბედნიერია და წარმატებულად ვითარდება.
პსჟ-ში მარცხენა ფლანგზე უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა? – როდესაც კლუბში გყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლი, დემბელე, დუე და ბარკოლაა, ძნელია მწვრთნელმა ბალანსი იპოვნოს. ყველას სურს მისთვის სასურველ პოზიციაზე თამაში.
მართალია, ის შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც დიდ კლუბში იხდი. გაქვს მსოფლიო დონის გასახდელი, სადაც ყველა თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს და მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ხვიჩა ამ ყოველივეს პატივს სცემს.
“კვარას” ნამდვილი გიჟური დარტყმა აქვს. მას ყველაფრის უნარი აქვს, კუთხურებზე, სტანდარტული დარტყმებზე, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ საერთო ჯამში, სინამდვილეში ყველაფერი აქვს. თუ ის სრულყოფილი არაა, მაშინ სრულყოფილი სხვას ვის უნდა ვუწოდოთ?!
მან იცის თავად როგორ გაიტანოს გოლი და თანაგუნდელს შეუქმნას შანსი. პსჟ-ის მსგავს გუნდებში ინდივიდუალიზმის ელემენტები ყოველთვის ერთვება. ხანდახან ვხედავ, როგორ ცდილობს 35 მეტრიდან დარტყმებს და გაკვირვებული ვარ, მაგრამ მან იცის, რომ ეს შეიძლება გამოუვიდეს. ის თავდაჯერებულია.
მან საკუთარი თავდაჯერება თავადვე მოიპოვა. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ფიზიოთერაპევტთან და მწვრთნელებთან ერთად წარმოუდგენლად შრომობს. მისი ყურება ყოველთვის ყველას სიამოვნებს და ვფიქრობ, რომ ჯერ ხვიჩას შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვიხილეთ”, – თქვა ნგონგემ.
sportall.ge
