ესპანეთის რანგით მეორე – Primera Feb-ის ლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ, რომელიც თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ქართველი კალათბურთელის პალმერ ბასკეტმა 32-ე ტურში ალიკანტე მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 77:68 დაამარცხა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც პალმერმა 19:12 მოიგო და საბოლოო, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი გახდა. სანაძემ 27 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 5-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანიც გახლდათ და დამსახურებულად მოიპოვა MVP-ის ტიტული.
ამ გამარჯვებამ პალმერს საშუალება მისცა, ბოლო ადგილს თავი დაეღწია – 8 მოგებით და 22 წაგებით მალიორკელები მე-14 ადგილზე არიან, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, ესტუდიანტესს ესტუმრებიან.
მარკის რიდის ბენეფისი
თურქეთის საკალათბურთო სუპერ ლიგის 28-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორმა“ სტამბოლის „გალათასარაი“ 79:69 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა შეიტანა.
რიდი მოედანზე 33:37 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა — მან 17 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა. ქულებით, პასებითა და 5 ჩაჭრით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო, ხოლო მოხსნების რაოდენობით საკუთარ გუნდში ლიდერობდა. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელმა 5-ჯერ დაკარგა ბურთი და ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და რიდმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა MVP-ის ტიტული.
მიმდინარე სეზონში რიდი საშუალოდ 23.4 ქულას, 5.3 პასსა და 3.6 მოხსნას აგროვებს, რითაც ის თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა როგორც ქულების, ისე ეფექტურობის მიხედვით. ამ გამარჯვებით „ტრაბზონსპორმა“ 18-10 ბალანსით მე-6 ადგილი გაიმყარა, „გალათასარაისთან“ უპირატესობა ორ მოგებამდე გაზარდა და პლეი ოფში თამაშიც ოფიციალურად გაინაღდა, მომდევნო შეხვედრას კი მარკის რიდის გუნდი 3 მაისს, სტუმრად „ტურკ ტელეკომის“ წინააღმდეგ გამართავს.
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და „ბარსელონას“ რთული გამარჯვება
ესპანეთის ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ შორის თორნიკე შენგელიას ბენეფისად იქცა. კატალონიურმა გრანდმა დაძაბულ ბრძოლაში, 95:92 სძლია ვიტორიელებს, მატჩის ბედი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა — მეოთხე პერიოდში მოპოვებული 4-ქულიანი უპირატესობა „ბარსასთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც ადრე ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, 30 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო საშუალო დისტანციიდან (8/12 ორქულიანი) და საჯარიმოს ხაზიდან (4/6), სამქულიანი კი საერთოდ არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს მიაღწია.
ლიგა ენდესამ ქართველი ფორვარდის თამაში ერთი სიტყვით შეაფასა — „განუზომელი“, რაც ხაზს უსვამს მის გადამწყვეტ როლს მატჩის კულმინაციურ მომენტში. შედეგიანობით შენგელიას მხოლოდ მეტოქე გუნდის წევრმა, კობი სიმონსმა გადაასწრო (25 ქულა, მარგი ქმედება 27). რაც შეეხება „ბასკონიას“ ქართველ ახალგაზრდას, მათე ხატიაშვილს, ამჯერად მას სათამაშო დრო არ მისცემია.

